"მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა მუშტი აღმართა და შეგვატყობინა გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოსო, თუ რამე ვისწავლეთ რუსეთთან ურთიერთობაში ეს არის ის, რომ ამ ქვეყანასთან არავითარ შემთხვევაშიძალიან მკაცრად განსაზღვრული წესებისა და მედიაციის გარეშე საუბარი არ შეიძლება", - განაცხადა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოში არ ყოფილა მმართველი, ხელისუფალი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ მინისტრი თუ პრეზიდენტი, რომელსაც რუსეთთან დიალოგი არ უცდია და ეს დიალოგი რითი დამთავრდა ყველამ იცის.
"ამ ქვეყანასთან არავითარ შემთხვევაში ძალიან მკაცრად განსაზღვრული წესებისა და მედიაციის გარეშე საუბარი არ შეიძლება იმიტომ, რომ პროპაგანდისტულად ჩვენ მათ ვერასოდეს ვერ მოვუგებთ და ყოველთვის უნდა იყოს დამკვირვებელი, რომელიც ყოველთვის გამოიტანს სიმართლეს თუ ვინ რა თქვა , ვინ რა გააკეთა და ვინ რა განზრახვით შემოვიდა ამ დიალოგში", _ აცხადებს ვაშაZე და აღნიშნავს, რომ ნურავის ჰგონია, რომ რამე შეიცვალა და ახლა საქართველოს სხვა რუსეთთან აქვს საქმე.
"ჩვენ ისევ იმ რუსეთზე ვლაპარაკობთ, რომელმაც 15 ათასი კაცი მოკლა მარტო აფხაზეთოს ომის დროს და რომელთანაც დიალოგის დაწყების წინ კარგი არის რომ ყველა დიპლომატმა კიდევ ერთხელ ნახოს ჩვენი გაყინული ბავშვები ჭუბერზე. ჩვენ ისევ ამ რუსეთზე ლაპარაკობთ არაფერი არ შეცვლილა გარდა, მაპატიეთ იმ მთავარსარდლებისა, რომლებიც 2008 წელს უკანალში დაიჭრნენ და შემდეგ რუსეთის არმიიდან გააძევეს დანარჩენი ყველა თავის ადგილზეა. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა მივიდგეთ ამ თემებს",- განაცახდა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.