,,პარტიიდან გარიცხვის გამო შიმშილობის დაწყება სწორი ფორმა არ არის", - განცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ რუსთავის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის შიმშილობის კომენტირებისას, რომელსაც არ დაუკონკრეტებია შეხვდება თუ არა ალექსანდრე ბერიძეს.
,,მე ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი, მაგრამ რამდენი ადამიანი დაიწყებს შიმშილობას, რომ პარტიიდან გაირიცხა ეს მისი პრობლემაა. პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და პარტიიდან რამდენიმე ადამიანი გარიცხა, ეს პარტიის პრეროგატივაა. სხვათა შორის მე ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი არ გახლავართ. შესაბამისად თუ ეს ადამიანი შიმშილობს ვუთანაგრძნობ და მოვუწოდებ, არ იშიმშილოს, რადგან პარტიიდან გარიცხვის გამო შიმშილობის დაწყება სწორი ფორმა არ არის. ადამიანი რომელიც პარტიის გადაწყევტილებას ხელს უშლის, შლის რაიონულ კონფერენციას ამ დროს პარტიამ რა უნდა გააკეთოს თუ არა გარიცხოს პარტიიდან", _ განაცხადა საგანელიძემ და აღნიშნა, ალექსანდრე ბერიძემ უნდა დაამტკიცოს რომ ღირსეული ადამიანია.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის წინ კოალიციის რუსთავის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე ბერიძე მეორე დღეა შიმშილობას განაგრძობს. ის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ის პარტიიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს და დავით საგანელიძის ბრალდება მისი "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირის შესახებ უსაფუძვლოა.