ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნებისათვის მოლაპარაკებების დასაწყებად, ქართული დელეგაცია გუშინ მოსკოვში გაემგზავრა. რუსეთის მხარეს მოლაპარაკებებში, ქვეყნის მთავარი სანიტარული ექიმი, გენადი ონიშენკო უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან დავითაშვილი, მისი მრჩეველი, ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელები, ეროვნული ფიტოსანიტარული სამსახურის წარმომადგენლები და სხვა.
„როსპოტრებნადზორმა" რუსეთში ქართული ღვინის და მინერალური წყლის შეტანა 2006 წლის მარტში აკრძალა. აკრძალვა, რუსული მხარის მტკიცებით, განპირობებული იყი იმით, რომ თითქოს ქართული წარმოება სანიტარულ ნორმებს არღვევდა. ონიშენკომ მაშინ განაცხადა, რომ ქართულ მინერალურ წყალში მძიმე მეტალები და პესტიციდები აღმოაჩინეს. თუმცა, გასულ წელს, იგივე უწყების ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა, რომ ვერ ხედავს ვერანაირ დაბრკოლებას, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად, გარდა პოლიტიკურისა.
„ქართველმა მწარმოებლებმა ამ წლებში მდგომარეობის გამოსასწორებლად დიდი ნაბიჯი გადადგეს," - განაცხადა ონიშენკომ და აღნიშნა, რომ მზადაა პირადად ჩავიდეს საქართველოში, რიგი საკითხების გადასაწყვეტად.