პროკურატურა ჩიხშია შესული და პროცესების დაჩქარებას ცდილობს. ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ მერიაში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, მას გამოძიებასთან პრეტენზია არა აქვს და დაკითხვის დროს ლირიული გადახვევებიც ჰქონდა.
"ბუნებრივია, არც მე და არც საზოგადოების დიდი ნაწილი მომხრე არ არის, ჩახუთულ ოთახებში მოხდეს დაკითხვა. ასეთ დაკითხვებს საზოგადოება არ ენდობა და ჩვენც შეგვიძლია ღიად და საჯაროდ ვისაუბროთ. რაც შეეხება ბრალდებებს, ჩვენ ხალხი გვყავდა დასაქმებული, ხელფასებს ვუხდიდით და ეს ძალიან კარგია", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, ასევე აბსურდულია გამოძიება სოციალურ აგენტებთან დაკავშირებით.
"დიდ ჩიხში შევა გამოძიება, რადგან 22 ათასზე მეტი ადამიანის დაკითხვა მოუწევს. ამას კი წლები დასჭირდება, იმაზე მეტი, ვიდრე ეს ხელისუფლება ლეგიტიმური იქნება", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
უგულავას განცხადებით, თუ საჭირო გახდა, ის კვლავ მისცემს ჩვენებას, ოღონდ იმ რეჟიმში, როგორც დღეს იყო.