თბილისის მერი გიგი უგულავა მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის მიერ ტელეეთერით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მთავარი პროკურორის სატელევიზიო გამოსვლიდან ნათლდ ჩანს, რომ მას ვერ გაუგია სამსახურეობრივი მოვალეობები. თავს მიიჩნევს პოლიტიკურ ბრალმდებლად, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ხსენებული გამოძიების პოლიტიკურ მოტივაციას, დააშინოს და დააშანტაჟოს ყველა ის ადამიანი, ვინც ნაციონალური მოძრაობის მომხრე იყო. მისი საუბარი მთლიანად ცდება პროკურორის უფლება-მოალეობებს.
"რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების გასამართლებლად პროკურორმა მაგალითად მოიყვანა დასუფთავების ტარიფის დარიცხვასთან დაკავშირებით, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რითაც აშკარად შეეცადა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებასა და გამოძიების რეალური მიზნების შენიღბვას.
გარდა ამისა, მთავარი პროკურორი ავლენს ზერელე ცოდნას თავისივე უწყების მიერ წარმოებული გამოძიების შესახებ. ის ასევე სრულიად შეგნებულდ ახდენს ფაქტების გაყალბებას, როცა ამბობს, რომ არსებული გამოძიება ემთხვევა დასუფთავების ტარიფის ამოქმედებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ბრიფინგიდან ჩანს, რომ პრეტენზია ვრცელდება 2009 წლის 31 დეკემბრის საქმესთან დაკავშირებით და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ თანხვედრა ამ ორ ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელ მოვლენას შორის არ არსებობს, ვინაიდან თბილისის საკრებულოს გადაწყევტილებით, დასუფთავების ახალი ტარიფი 2011 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. ხსენებული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კბილაშვილმა ივანიშვილის დავალებით გამოძიება პოლიტიკურად მიუღებელ პირებთან ბრძოლის მახინჯ ინსტრუმენტად აქცია", - ნათქვამია თბილისის მერის განცხადებაში.