ლუკა კურტანიძე დაისჯება, თუ მისი მხრიდან ცემის ფაქტი გამოძიებით დადასტურდება, - ამის შესახებ გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრისას მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და დაკითხული არიან გარკვეული პირები.
"საზოგადოებისთვის შესაძლოა საინტერესოა პერსონაჟის სახე, მისი რენომე და ამიტომ მოდის მაღალი ყურადღების საგნად, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ჩადენილია თუ არა ცემა. დარღვეულია თუ არა იქ სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნები. შესაბამის დასკვნას გავცემთ. თუ ლუკა კურტანიძის მიერ ცემა ჩადენილია, მის მიმართ დევნას დავიწყებთ. ამას უახლოეს დღეებში გამოძიება დაადგენს", _ აღნიშნა კბილაშვილმა.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილის განცხადებით, 30 იანვარს მასსა და ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ლუკა კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა.