"თიბისი ბანკმა" "თბილლაინის" დაყადაღებული 150 მიკროავტობუსისთვის ყადაღის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ "თიბისი ბანკის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "შპს "თბილლაინს" გააჩნია სესხი "თიბისი ბანკში", რომლის სანაცვლოდ დაყადაღდა კომპანიის კუთვნილი 2,500 მიკროავტობუსიდან მხოლოდ მცირე ნაწილი - 150 ცალი მიკროავტობუსი.
სულ, ამ 2,500 მიკროავტობუსიდან, ყველაზე პიკური მოძრაობის დროს ფუნქციონირებს დაახლოებით 1,800 მიკროავტობუსი, ხოლო 700 ცალი არის რეზერვი.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და კომპანიაში შექმნილი მდგომარეობის გამო, როდესაც მოხდა მიკროავტობუსების დაზიანების რამდენიმე ფაქტი, "თიბისი ბანკმა", იმისათვის რომ დაეცვა შესაძლო დაზიანებისგან გირაოთი დატვირთული ქონება, მიმართა სააღმსრულებო ბიუროს და მოითხოვა ამ 150 მიკროავტობუსის დაყადაღება, რაც კომპანიის გაჩერებას ვერ გამოიწვევდა.
თუმცა, ვითვალისწინებთ რა თბილისის მოსახლეობის ინტერესებს და აგრეთვე იმას, რომ დღეისათვის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან მიკროვატობუსებმა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ ფუნქციონირება, გადავწყვიტეთ აღნიშნულ 150 მიკროავტობუსსაც მივცეთ ფუნქციონირების საშუალება და აღარ მოხდეს მათი გაჩერება", - ნათქვამია განცხადებაში.