ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ვიცე-პრეზიდენტის თემურ ყაზარაშვილის ცემის ფაქტს უარყოფს. როგორც კურტანიძემ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის, რომ თემურ ყაზარაშვილს ფიზიკურად დაპირისპირებოდა, მაშინ იმ მდგომარეობაში ვერ იქნებოდა, როგორშიც დღეს არის.
"ჭიდაობის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, რის გამოც ადამიანებმა პირადი ამბიციები უნდა მოთოკონ. საზოგადოება იმდენად გადაიტვირთა პრობლემებით, რომ ტექნიკური საკითხები შიგნით უნდა მოგვარდეს. თემურ ყაზარაშვილი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, მიმდინარე თვის ბოლოს მწვრთნელებს უნდა ჩარიცხოდათ ხელფასები და თემურს ჰქონდა იმის უფლებამოსილება უწყისებზე ხელი მოეწერა, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა. არ შეიძლება, რომ სახელმწიფოებრივი საქმე პირად ურთიერთობებში გადაიზარდოს. თემურ ყაზარაშვილს რომ ფიზიკურად დავპირისპირებოდი, ის იმ მდგომარეობაში ვერ იქნებოდა, როგორშიც ახლა არის", - განაცხადა კურტანიძემ და დასძინა, რომ მწვრთნელები, რომლებიც მის გადადგომას ითხოვენ, ის ადამიანები არიან, ვინც ცვლილებებში მოხვდნენ.
მისივე თქმით, მინისტრთან ამ საკითხზე არ უსაუბრია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჭიდაობის ფედერაციაში, ლუკა კურტანიძესა და მწვრთნელებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ლუკა კურტანიძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თემურ ყაზარაშვილსა და ფედერაციის სხვა წევრებს. ჭიდაობის ფედერაციის წევრების განცხადებით, ლუკა კურტანიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მსოფლიო ჩემპიონს, თემურ ყაზარაშვილს და მის მეგობარს, ბავშვებისა და უამრავი მოწმის თანდასწრებით. ყაზარაშვილის განმარტებით, კურტანიძემ მას უკანონო დოკუმენტზე ხელის მოწერა მოსთხოვა უარის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. "კურტანიძე მთხოვდა უკანონო დოკუმენტზე ხელის მოწერას. უარი ვუთხარი. ამის შემდეგ მან ხელი და წიხლი დამარტყა. ფიზიკურად გამისწორდა", - აცხადებს თემურ ყაზარაშვილი. ჭიდაობის ფედერაციის წევრები კურტანიძის საქციელს გმობენ და აცხადებენ, რომ დღეიდან ის ფედერაციის პრეზიდენტი არ არის. "დღეიდან ის აღარ არის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, რადგან მან სცემა მსოფლიო ჩემპიონს, ასაკოვან კაცს, თემურ ყაზარაშვილს. წააქცია და ხელი დაარტყა, ბავშვებს აყურებინა ეს ყველაფერი", - აცხადებენ ჭიდაობის ფედერაციაში.