სტრასბურგში ევროსაბჭოს ხელმძღვანელობასთან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა. საქართველოს პარლამენტის წევრმა ოთარ ჩრდილელმა ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩატარებულ სასამართლო რეფორმაზე და პრეზიდენტის მიერ 1 ლარად გაცემულ ქონებაზე.
"ევროსაბჭოს ვთხოვე, რომ საქართველო არის ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი და ერთმანეთს მხოლოდ სიმართლე ვუთხრათ. ჩვენ ვართ დიდი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები და იქვე მივმართე მათ, თუ რა აზრის იქნებოდნენ მათ ქვეყანაში, თუნდაც საფრანგეთში, რომ ფრანსუა ოლანდს 1 ევროდ გადაეცა სენ-ტროპეში ან ნიცაში აგარაკები, ბინები და მიწები მოსამართლეებისათვის ან იგივე ქმედება განეხორციელებინა იტალიის პრეზიდენტს, ჯორჯო ნაპოლიტანოს და იგივე 1 ევროდ გადაეცა უძრავი ქონება მოსამართლეებისათვის. დავინტერესდი და მათ ვთხოვე ეფიქრათ თუ რა მოხდებოდა ასეთი ფაქტების შემდეგ საფრანგეთის ან იტალიის მთავრობაში, რა რეაქცია ექნებოდა მოსახლეობას თუ არასამთავრობო სექტორს და რა არის ეს, თუ არა კორუფცია?! ამ ფაქტებით კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი, რომ საქართველოში სააკაშვილის ხელმძღვანელობით თავის დროზე, ჩატარდა სასამართლოს კვაზი-რეფორმა და რომ ქვეყანას ჰაერივით ესაჭიროება სასამართლო სტრუქტურებში ჭეშმარიტად ევროპული გამოცდილება და რეფორმები", - აცხადებს ჩრდილელი.