თბილისის მერი გიგი უგულავა სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს პოლიტიკური თამაშის მძევლებად მიიჩნევს. როგორც უგულავამ განაცხადა, ხუთდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მძღოლებსა და კომპანიას შორის დღეს წამოყენებულ პირობებზე შეთანხმება შედგა, რის შემდეგაც მათ უკვე ახალი პირობები დაასახელეს.
"ხუთი დღის განმავლობაში, ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ესაა კერძო კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემა, ვიკისრეთ მედიატორის ფუნქცია, ყოველგვარი პოლიტიკური მინარევების გარეშე, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისელები არ ზარალდებოდნენ. ხუთი დღის განმავლობაში ძალიან მძიმე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ დღეს მივაღწიეთ კონდიაციას _ ორივე მხარემ ხელი ჩამოართვა ერთმანეთს და ამით შეთანხმება მიღწეულ იქნა. რა მოხდა ამის შემდეგ - ბრუნდებიან მძღოლები და ახალ მოთხოვნებს აყენებენ. სამწუხაროდ, მძღოლები, ისევე, როგორც თბილისელები, აღმოჩნდნენ პოლიტიკური თამაშების მძევლები. შეთანხების შემდეგ ჩვენ ვხედავთ ამ საკითხის სრულ პოლიტიზაციას, რაც გამოიხატება სწორედ იმაში, რომ შეჯერების შემდეგ უკვე დადგა ახალი მოთხოვნები, რომლებიც საერთოდ აღარ არის კავშირში მძღოლების ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სატრანსპორტო უზრუნველყოფასთან", - განაცხადა გიგი უგულავამ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა სამარშრუტო ტაქსების მძღოლებსაც მიმართა და მოუწოდა, არავის მისცენ უფლება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.
"ვხედავთ, რომ მთელი ამ დღეების განმავლობაში მძღოლებს გვერდზე ედგნენ "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, ცალკე ეს ხალხი ცდილობს მძღოლებს თავგზა აუბნიოს და ცალკე კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" დარბის შინაგან საქმეთა სამინისტროში და ცრუ ილუზიებს იქმნის, რომ ძალის მიერი მეთოდით მოხდება პრობლემის გადაჭრა. პირდაპირ მინდა გავაფრთხილო, ასეთი რამ არ მოხდება და მე ვიქნები ამის პირველი წინააღმდეგი. ხაზგასმით მინდა ვთქვა და მივმართო მძღოლებს - გულსატკენი იქნება, რომ თქვენ გამოგიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის. თუ შეთანხმებას მივაღწიეთ, უნდა გავიდეთ ხაზზე და მოვემსახუროთ თბილისელებს. ყველა სხვა საკითხი ერთობლივი მონიტორინგის ფარგლებში მივიყვანოთ ბოლომდე და მე ამას ყველანაირიად შევეცდები", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები უკვე მეექვსე დღეა გაფიცულები არიან.