კახეთის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, მისი პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის პასუხისგებაში მიცემას მასზე ზეწოლის გაგრძელებად მიიჩნევს. როგორც ჟურნალისტებთან ღვინიაშვილმა განაცხადა, რამდენიმე დღის წინ მასთან მივიდა ადამიანი, რომელმაც ხელისუფლების დანაბარები გადასცა და უმრავლესობაში გადასვლა შესთავაზა.
,,ეს არის პირდაპირი ზეწოლა ჩემზე, რომელიც არაერთხელ განხორციელდა და ორი დღის წინ განმეორდა. მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება და ორი დღის წინ, გამომიგზავნეს ადამიანი, რომელმაც მათი მუქარა გადმომცა, რომ გადავსულიყავი მათ მხარეზე, შესაბამისად მათ რაც ეკადრებოდა ის მიიღეს და სწორედ ამის გამოძახილია, რომ მეორე დღეს პასუხისგებაში აძლევენ, აბსურდული ბრალდებით ჩემს პირველ მოადგილეს", -განაცხადა ღვინიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტებზე, კახეთის მხარეში, პრეზიდენტის რწმუნებულის - გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული.
გამოძიებით დადგინდა, რომ გ.სიბაშვილი დანაშაულებრივად გაურიგდა „კახეთის რეგიონული სააგენტო"- ს დირექტორ ვალერიან გრემელაშვილს და დაავალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მანავში, წყალდიდობით დაზიანებული შიდა გზების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შესახებ, ხელშეკრულება დაედო ინდივიდუალურ მეწარმე დიმიტრი ივანელაშვილთან, რაზეც ვ. გრემელაშვილი დათანხმდა და ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული სამუშაოები არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, გ. სიბაშვილის დავალებით შედგა ხარჯთაღრიცხვის და მიღება ჩაბარების დოკუმენტები, რომლის მიხედვით, თითქოსდა სამუშაოები სრულყოფილად შესრულდა. სანაცვლოდ ინდმეწარმე დ.ივანელაშვილის საბანკო ანგარიშზე „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო" - დან გადაირიცხა 55 689 ლარი. რის შემდეგაც, აღნიშნული პირების მიერ 10 794 ლარი გამოტანილ და გაფლანგულ იქნა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ. სიბაშვილის დავალებით, დედოფლისწყაროში არსებული ქოჩების ტბის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, ვ. გრემელაშვილმა ხელშეკრულება გააფორმა შპს „ხიდთან." სამუშაოების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 800 000 ლარი. ამ თანხიდან ავანსის სახით, შპს გადაერიცხა 300 000 ლარი, საიდანაც დიდი ოდენობით თანხა დირექტორმა ზაქარია ტატუნაშვილმა უკანონოდ მიითვისა. ასევე გ.სიბაშვილმა და ვ. გრემელაშვილმა ქოჩების ტბის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუსრულებლობის ხარჯზე, გაფლანგეს „კახეთის რეგიონული სააგენტოს" კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა.გამოძიების ამ ეტაპზე ასევე დადგენილია, რომ გ. სიბაშვილის დავალებით, ვ. გრემელაშვილმა კახეთის რეგიონული ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი სასაჩუქრე ნივთების და ატრიბუტიკის შესყიდვის მიზნით, ერთერთ შპს - თან 208 207 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა შესყიდული საქონლის თვითღირებულება შეფასდა 78 725 ლარად. აღნიშნული ქმედებით, გ. სიბაშვილმა და ვ. გრემელაშვილმა გაფლანგეს „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო"- ს კუთვნილი თანხა.გამოძიებამ გ.სიბაშვილი კიდევ ერთ დანაშაულებრივ ქმედებაში გამოავლინა. კერძოდ, ბრალდებულმა ვ. გრემელაშვილს უკანონოდ დაავალა „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოში", თანამშრომლებად გაეფორმებინა თავისი მეგობრები. აღნიშნული პირები არავითარ სამუშაოს არ ასრულებდენ და ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით, იღებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას. ამ ქმედებით სააგენტოს 29 224 ლარის ზიანი მიადგა.გარდა ამისა, ერთი წლის განმავლობაში გ. სიბაშვილი საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ და გამორჩენის მისაღებად გრემელაშვილს სთხოვდა, მისთვის, როგორც „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს" გამგეობის თავმჯდომარისთვის პრემიები ჩაერიცხა. ერთი წლის განმავლობაში მან პრემიის სახით მიიღო 13 376 ლარი. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 - ე მუხლის პირველი ნაწილით და 182 - ე მუხლის მეორე ნაწილის „ა: ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, ასევე 332 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლის ვადით. თუმცა გიორგი სიბაშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობს და გეგმავს პროკურატურას უფდანაშაულობის დასამტკიცებლად მტკიცებულებებს წარუდგენოს.