დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრებიდან სარგებელს საქართველოს მთავრობა 2013 წლის მეორე ნახევარში ელოდება. როგორ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა დავოსში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები შედგა როგორც კომპანიებთან ასევე საინვესტიციო ფონდებთან და მათ საქართველოში უამრავი პროექტის განხორციელების სურვილი დააფიქსირეს.
"დავოსში ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრა შედგა. ძირითადად იყო შეხვედრები საინვესტიციო ფონდებთან: "ჯი პი მორგანი", "მერიდიან კაპიტალი", "ბლექტონი", ასევე შეხვედრები იყო კომპანიებთან: "ფილიპსი", "ინტელი", ინდური კომპანია "ტატა". ამ კომპანიებთან კონკრეტულ პროექტებზე იყო საუბარი მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. ასევე დავოსში შეხვედრები შედგა საქართველოსთან სხვა და სხვა სავაჭრო კონტრაქტების გაფორმებაზე, მაგალითად "ფილიპსს" ჰქონდა გარკვეული წინადადებები და შესაბამისად ამ შედეგებს წლის მეორე ნახევარში ვნახავთ",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა .
მისივე განმარტებით, დავოსში გამართული შეხვედრებიდან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამდენიმე ჯგუფმა გამოხატა ინტერესი საქართველოში მეტალურგიის წარმოებისა. ასევე დიდი დაინტერესება იყო დაფიქსირებული ტურიზმის სფეროს განვითარებისა, უფრო კონკრეტულად კი სასტუმროების მშენელობით.
მინისტრის განმარტებით, არის რამდენიმე ჯგუფი რომელსაც წყალტუბოს განვითარების პროექტში მონაწილეობა სურს.
ხოლო, რაც შეეხება "ჯი პი მორგანს", როგორც მინისტრი განმარტავს, მასთან საუბარი შედგა იმაზე, რომ "ჯი პი მორგანმა" საქართველოში შესაქმნელ საინვესტიციო ფონდში დააბანდოს გარკვეული თანხები.
კვირიკაშვილის განმარტებით, ამ ფონდში მარტო კერძო კაპიტალი არ უნდა იყოს და მასში უნდა განთავსდეს ასევე საინვესტიციო ფონდების თანხები რაც თავის მხრივ ამ ფონდის გამჭვირვალედ მუშაობის წინაპირობაა.