სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია ,,ტაჰალ გრუპის" (TAHAL group) საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო განვითარების სამსახურის დირექტორს ელი ბარაკს შეხვდა.
,,ტაჰალ გრუპი" ერთ-ერთი წარმატებული სერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 50 ქვეყანაში 600-მდე სხვადასხვა საირიგაციო და სასოფლო-სამეურნეო პროექტებს ახორციელებს. კომპანია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ეს არის: საირიგაციო-სადრენაჟე სისტემების დაპროექტება-აშენება, სარწყავი წყლის ეფექტური და ოპტიმალური გამოყენება, სოფლის მეურნეობის განვითარება, თანამედროვე სარწყავი სისტემების დანერგვა.
შეხვედრაზე დავით შერვაშიძემ საქართველოში საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სარწყავი სისტემების მოუწესრიგებლობა და ზოგ შემთხვევაში არარსებობა პრობლემებს უქმნის ქართულ სოფლის მეურნეობას. მისი თქმით, აუცილებელია დროულად დაინერგოს თანამედროვე საირიგაციო სისტემები, აშენდეს ახალი რეზერვუარები, მოწესრიგდეს სარწყავი სისტემები. ამისათვის კი საჭიროა მსოფლიოში წარმატებულ და გამოცდილ კომპანიებთან თანამშრომლობა. ელი ბარაკმა მზადყოფნა გამოთქვა რეკომენდაციები გაუწიოს ქართულ მხარეს და თანამშრომლობის შემთხვევაში ,,ტაჰალ გრუპი" საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების დაპროექტების კუთხით საქართველოში პროექტებს განახორციელებს.