საქართველოს პროკურატურა უახლოეს პერიოდში დაზარალებულთა ცენტრებს გახსნის. იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის ერთობლივი პროექტის მიზანია დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირების დახმარება _ მათთვის უფლება-მოვალეობების, უფასო იურიდიული დახმარების კრიტერიუმების განმარტება, საჭიროების შემთხვევაში იურიდიული დახმარების სამსახურთან გადამისამართება, ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული ღონისძიებების შესახებ ცნობების და სხვა საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
პირველ ეტაპზე დაზარალებულთა დახმარების ცენტრები გაიხსნება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ოფისები დაკომპლექტდება კონკურსის წესით შერჩეული თანამშრომლებისგან. 2010 წლის 15 თებერვალს ქ. ქუთაისში ჩატარდა გასაუბრება დაზარალებულთა დახმარების ცენტრების კონსულტანტობის კანდიდატებთან.
ცენტრების ამოქმედებამდე კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატები გაივლიან სპეციალურ ტრენინგს კომუნიკაციის უნარ-ჩვევებში. ამასთან, ცენტრები შეაგროვებენ და გააერთიანებენ დაზარალებულთათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.
დაზარალებულთა ცენტრების კონსულტანტობის კანდიდატებთან გასაუბრება 2010 წლის 16 თებერვალს, 11:00 საათზე ბათუმში (რუსთაველის ქ. #55, აჭარის ა/რ პროკურატურის შენობაში) გაიმართება.