ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ პირადად მისთვის აფხაზები და ოსები სწორედ, რომ "მხარეები" არიან და ამ ტერმინის გამოყენებაში ქართული მხარის მიერ ვერავითარ საფრთხეს ვერ ხედავს.
"საფრთხე რაც იყო, ის მოხდა უკვე ყველაფერი - ჩვენ რეალურად დავკარგეთ კონტროლი ტერიტორიაზე, დავკარგეთ არა მარტო ადმინისტრაციული არამედ ადამიანების რესურსის თვალსაზრისითაც და ახლა კაპანაძე რას იძახის და პეტრიაშვილი რას იძახის საინტერესო აბსოლუტურად არ არის", _ აცხადებს გოგა ხაინდრავა და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეალობა ასეთია, რომ თუ ჩვენ გვინდა, რომ აღვადგინოთ ჩვენი ურთიერთობა, აღვადგინოთ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და დავბრუნდეთ ჩვენს სამშობლოში და ჩვენს სახლებში მაშინ ჩვენ აფხაზებთან საერთო ენა უნდა ვიპოვოთ.
"სერგი კაპანაძე რას ეძახის სტატუსს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. არსებობს რეალობა - აფხაზების გარეშე, მათთან შერიგების გარეშე, მათი აზრის გარეშე - არაფერი არ მოხდება. არ ვიცი მე, რაღაც ენა არსებობს დიპლომატიური, რომლის გამოც სხვათა შორის და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რომლის გამოც დავანებე ამ საქმეს თავი.
იმიტომ, რომ არსებობს ადამიანური ენა, რომელიც ადამიანებს ესმით და არსებობს ენა, რომელიც გაუგებარია, რისთვის არსებობს საერთოდ. იქ ცხოვრობენ აფხაზები - აფხაზური ეთნოსი, ის ადამიანები ვინც აკონტროლებენ ამ ტერიტორიას ასე თუ ისე, იმის მიუხედავად არის რუსეთი ოკუპანტი, არის იქ რუსული ჯარები თუ სხვა რამ ეს ადამიანები იქ ცხოვრობენ და არიან იქ უმრავლესობა და ისინი ჯერ ჯერობით ყოველ შემთხვევაში წარმოადგენენ ამ ტერიტორიაზე ძირითად ძალას", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხაინდრავა და აღნიშნავს, რომ ამიტომაც ბუნებრივია, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი არსებობენ, ეხლა რას დავარქმევთ მათ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
"ისინი არიან მხარე! დიპლომატიურ ენაზე ეს როგორ გამოთქმება არა მგონია მნიშვნელოვანი იყოს. აბა ვინ არის მხარე?! მხარე არის აფხაზური მოსახლეობა რომელიც იქ ცხოვრობს, მხარე არის ქართული მოსახლეობა, რომელიც იქ ვერ ცხოვრობს და არის რუსული იარაღი და რუსეთის სახელმწიფო, რომელიც შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე.
დანარჩენი ყველაფერი დიპლომატიური ენის კაზუისტიკაზე როგორ იქნება წარმოდგენილი ჩემი აზრით იმდენად მნიშვნელოვანი არ არის", _ განაცხადა სააგენტოსთან საუბარში გოგა ხაინდრავა.
მასალის გამოყენების პირობები