"რომ არა სერგი კაპანაძისნაირი მიდგომები ახლა საქმე სულ სხვაგვარად იქნებოდა", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისათვის" მიცემულ ინტერვიუში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ორგანიზაცია "რეფორმების ასოციაციის" ხელმძღვანელის, მანამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის მიერ გამოთქმული მოსაზრებების კომენტირებისას, რომლებშიც კაპანაძე ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მცირეოდენ ცვლილებას კატეგორიულად ეწინააღმდგეება და აცხადებს, რომ ქართული მხარის მიერ ამაზე დათანხმება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
"რომ არა სერგი კაპანაძე, რა თქმა უნდა აქ მე პიროვნულად სერგი კაპანაძეს არ ვგულისხმობ, კაპანაძისნაირი მიდგომები და ასეთი ხისტი პოზიცია საქმე სულ სხვაგვარად იქნებოდა. სერგი კაპანაძე ლაპარაკობს ისე, თითქოს ჩვენი, საქართველოს კონტროლის ქვეშ იმყოფებოდეს ყველა ტერიტორია, თითქოს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული არ იყოს და პირიქით. თითქოს ჩვენ გვქონდეს რაღაც რუსეთის ნახევარი ტერიტორია აღებული კონტროლის ქვეშ.
რაღაც პირობებს აყენებს ისეთს, რომელსაც ყოველთვის ჩიხში შეჰყავდა ნებისმიერი მოლაპარაკება და ნებისმიერი ინიციატივა. თუ ასეთ პოზიციას გავყვებით, მივიღებთ ვითარებას, რომელიც ხელსაყრელი იყო ხელსაყრელი არის და მუდმივად ხელსაყრელი იქნება რუსეთისათვის. იმიტომ, რომ რუსეთი ახლა სამოთხის პირობებში გრძობს თავს როდესაც პირდაპირი კონტაქტი არ არის და როდესაც წყალი არ იძვრის და როდესაც პროცესი არანაირი არ იძვრის და დროც ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს',_ აცხადებს გიორგი ვოლსკი და აღნიშნავს, რომ ნურავის დაავიწყდება, ერთი სერიზული რამ რომ მოხდა - სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა უშველებელი გადაცდომები და უშველებელი სტრატეგიული შეცდომები, რამაც პრინციპში შესაძლებელი გახადა 2008 წლის აგვისტოს ომი.
"ამ შეცდომებიდან გამომიდინარე, როგორც თვითონ "ნაციონალური მოძრაობა", ასევე ის ადამიანები ვინც ახლა პოლიტიკაშია და ვინც "ნაციონალური მოძრაობის" სისტემის ორბიტაზე არიან თუნდაც აი ის არასამთავრობო ორგანიზაცია.... ვინც არ უნდა იყოს, სერგი იქნება ეს თუ ნიკა ვაშაკიძე, ეს არის შემადგენლობა რომელიც ვერანაირად ვერ დათანხმდება რაიმე ახალი მიდგომების გამოჩენას და ურჩევნიათ მოლაპარაკების პროცესი ჩიხში იყოს შესული და ასეთი მტკიცე პოზიცია ეკავოთ, რომ აი რაც ხელში გვაქვს ამის იქით არაფერი არ არსებობს და როგორც სააკაშვილი, ასევე აყენებენ ორ პირობას: ერთი არის რომ - რუსეთი უნდა ჩამოიშალოს ან დემოკრატიული გახდეს, შესაბამისად პუტინის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ეს ოფიციალურად ცხადდება და მეორე არის რომ - აი საქართველო თავისი დაკარგული ტერიტორიებით, თავისი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობით, უნდა გახდეს ნატოს წევრი და მერე დაელაპარაკება რუსეთს. აი ამ ორ პირობას აყენებენ ისინი და ნებისმიერი ჩვენი აქტივობა იმისათვის, რომ გამოცოცხლდეს სამშვიდობო პროცესი რასაკვირველია არ იქნება კეთილად მიღებული "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან", _ აცხადებს გიორგი ვოლსკი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები