,,ვაჰაგნ ჩახალიანი თუ მართლა აგენტია მას ბრალი აგენტობისთვის უნდა ჰქონიდა წაყენებული და არა იარაღის ტარებისთვის", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა "ჯავახკის" აქტივისტის ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი აგენტი მიხეილ სააკაშვილია.
,,ყველაზე დიდი აგენტი მიხეილ სააკაშვილია, რადგან სწორედ მისმა მოქმედებებმა გამოიწვია საქართველოს ტერიტორიის დაკარგვა და არ ვიცი, მასზე დიდი აგენტი ვინ შეიძლება იყოს. ყველას შეიძლება აგენტი უწოდო, მაგრამ მათი აგენტობის შედეგი საქმით უნდა გამოჩნდეს და სახეზე გვაქვს, პრეზიდენტის მოღვაწეობის შედეგად საქართველოს დაქუცმაცება. ვაჰაგნ ჩახალიანი თუ ისეთივე აგენტია როგორც ,,ენვერის" ოპერაციაში მონაწილე პირები, გიოროგი აბდალაძე, სიმონ კილაძე და წინა ხელისუფლების დროს დაკავებული სხვა პირები, მაშინ კარგი ადამიანი ყოფილა. ვაჰაგნ ჩახალიანი თუ მართლა აგენტია მას ბრალი აგენტობისთვის უნდა ჰქონიდა წაყენებული და არა იარაღის ტარებისთვის", _ განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნიკოლაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ჯავახკის" აქტივისტი და მასობრივი არეულობების მოწყობის ბრალდებით დაკავებული ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში გამოცხადებული ამნისტიის ფარგლებში გაათავისუფლეს. მას 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი რამდენიმე მუხლით. მასობრივი არეულობების მოწყობის გარდა, ის სასჯელს იარაღის ტარებისა და ხულიგნობის ბრალდებით იხდიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩახალიანის საქმე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ერევანში ვიზიტის დროს განხილვის ერთ-ერთი თემა იყო და მის გათავისუფლებას სომხეთის კათოლიკოსი შუამდგომლობდა.