"სოხუმი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანა სახიფათოდ მიმაჩნია", _ განცხადება ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ,,პრაიმ ტაიმის" პრეს კლუბში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, რკინიგზის გაყვანა საქართველოს ურთიერთობას გაუფუჭებს მეზობელ სახელმწიფო აზერბაიჯანთან. ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით, კმაყოფილი არც აშშ დარჩება.
,,ჯერ გამოსაკვლევია, ეს მოგვიტანს თუ არა იმას რისი იმედიც აქვს, ალბათ, მთავრობაში ზოგიერთს. მოგვიტანს თუ არა შერიგებას ეს აფხაზეთთან, მაგრამ წინასწარ ეს არ ვიცით.
დიდი შანსია იმისა, რომ ამას მოჰყვეს ჩვენი ურთიერთობების გაფუჭება აზერბაიჯანთან რომელსაც რკინიგზის გახსნა არ აწყობს. მას სომხეთის იზოლაციაში ყოფნა სურს", _ აცხადებს შარაშენიძე და აღნიშნავს, რომ თავად საქართველოს, სომხეთის ყოფნა იზოლაციაში არ აწყობს და ამიტომაც ბუნებრივია იგი ჯერ თავის ინტერესებზე ფიქრობს და შემდგე სხვაზე.
"ჩვენ არ გვაწყობს სომხეთის ყოფნა იზოლაციაში, მაგრამ ჯერ ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს და მერე ვფიქრობთ სხვაზე. ჩვენ ძალიან დამოკიდებული ვართ აზერბაიჯანზე არა მხოლოდ მათ გაზზე და მათ ნავთობზე, არამედ მათ ინვესტიციებზეც. მთავარია, ის ფაქტიც, რომ საქართველო დღეს თუ არის ძლიერი და რამე ფუნქცია აქვს ეს აზერბაჯანის დამსახურებაცაა, რადგან ჩვენ ერთად ვართ სერიოზული ტანდემი რეგიონში", _ აცხადებს ექსპერტი. შარაშენიძე ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით, კმაყოფილი აშშ არ დარჩება.
"ამ რკინიგზით რუსეთი გადის პირდაპირ ირანზე და ეს ამერიკას ბუნებრივია არ აწყობს. მოდით ჩვენ თავს ვკითხოთ ჯერ კიდევ გაურკვეველი პერსპექტივა შეგვარიგებს კი აფხაზებთან და ეს ყველაფერი ღირს იმისთვის რომ ჩვენ ამ რისკზე წავიდეთ", _ კითხვს სვამს ექსპერტი.