ბათუმში მგზავრებს ახალი, პანდუსიანი ავტობუსები მოემსახურება. ნომერი 10, 16 და 17 საქალაქო-სამარშრუტო ავტობუსები რუსთაველის, გორგილაძისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე გადანაწილდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გორგილაძის ქუჩაზე ავტობუსები უკვე ორივე მიმართულებით იმოძრავებს.
ნომერი 10 საქალაქო მარშრუტი რკინიგზის სადგურიდან დაიწყება და რუსთაველის ქუჩის გავლით, აეროპორტთან დასრულდება. პირველ ეტაპზე, 6 ახალი ავტობუსი 14-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.
რაც შეეხება 16 და 17 ნომერ ავტობუსებს, ისინი საცდელი მარშრუტებით - ახალი ავტოსადგურიდან სარფის გამშვებ პუნქტამდე და ჭავჭავაძის ქუჩიდან აკვაპარკამდე იმოძრავებენ.
საცდელი ხაზები სრული დატვირთვით ახალი სამარშრუტო სქემის ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედდება.
FAW- ს მარკის, 21 მაღალი კლასის ავტობუსი ქალაქის თვითმმართველობამ საერთაშორისო ტენდერის საშუალებით ჩინეთში შეიძინა. აღნიშნულ ავტობუსებში მოწყობილია ე.წ. პანდუსები, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გადაადგილების საშუალებას იძლევა.
ავტობუსების შეძენისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 3 მლნ. ლარი დაიხარჯა.