დღეს, მთავარ პროკურატურაში პროკურატურის თანამშრომელთა ტესტირება გაიმართა. ტესტირება ჩაუტარდათ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროკურორთა გადამზადების კურსი გაიარეს. ეს კურსი სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის იმპლემენტაციის პირველი ეტაპია. პროექტის მიზანია, რომ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედებას, პროკურატურის ორგანოებში დასაქმებული პროკურორები კარგად ინფორმირებული და მომზადებული შეხვდნენ.
ერთი თვის განმავლობაში პროკურორები გაეცნენ სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, გადამზადების კურსი ძირითადად დაეთმო იმ ძირეულ სიახლეებს, რომელიც სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსშია მოცემული, კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, დაცვის სპეციალურ ღონისძიებებს, მტკიცებულების ახალ სტანდარტებს, დევნის დისკრეციულ საკითხებსა და სხვა.
კურსის სასწავლო გეგმაში სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის გარდა, შედის ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, შიდა სახელმძღვანელო მითითებები, საერთაშორისო თანამშრომლობა და სხვა საკითხები. აღნიშნული გადამზადების კურსი აშშ იუსტიციის დეპარტამენტის დახმარებით ხორციელდება, ტრეინინგის პროცესში უშუალოდ უცხოელი ექსპერტები მონაწილეობდნენ.
ტრეინინგის კურსი პირველ ეტაპზე 205 პროკურორმა გაიარა, ეს პროცესი მარტის ბოლომდე გაგრძელდება და მას პროკურატურის ყველა თანამშრომელი გაივლის.
სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის იმპლემენტაციის მეორე და მესამე ეტაპი ივნისსა და ივლისში განხორციელდება.