კასპის მუნიციპალიტეტში დაპირისპირება გრძელდება. ხმაური იყო დღეს კასპის რაიონში, სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ორ ნაწილად არიან დაყოფილნი.
"რესპუბლიკელებისა" და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრები "თავისუფალი დემოკრატების" წევრს, სოფლის ახლად დანიშნულ გამგებელს სოსო შუღლიაშვილს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებენ და სოფლის მიწების მითვისებაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ გამგებელს ოლეგ იაძე ლობირებს.
შუღლიაშვილს დღეს სოფლის კრებაზე სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.
თავად შუღლიაშვილი კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ 2003 წელს ჩინოვნიკების მიერ მითვისებული მიწები სოფლის მოსახლეობას დაუბრუნა.