დავოსში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის უფლებმოსილების ჩამორთმევასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
ივანიშვილის განმარტებით, ალასანიასთვის უფლებამოსილებისს ჩამორთმევა მის მიერ პრეზიდენტობის სურვილს უკავშირდება.
"პირველი და მთავარი - მე რა ურთიერთობაც მქონდა ალასანიასთან აბსოლიტურად რჩება და ვინარჩუნებთ ამ ურთიერთობებს. მთავრობის სხდომის შემდეგ, როდესაც ჩვენ ეს საუბარი გვქონდა საჯაროდ, იმის შემდეგ მე და ირაკლიმ რამდენჯერმე ვისაუბრეთ. გაგებით მოეკიდა ის რაც მოხდა. მოხდა ის, რომ მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც შეიძლება ნებისმიერ პოლიტიკოსს მოუვიდეს. მან მოახერხა და თავის გუნდში, ვიწრო წრეში დაიწყო განხილვა და არა წამოაყენა თავი პრეზიდენტად, დაიწყო განხილვა, რომ შეიძლებოდა თუ არა, რომ წამოეყენებინა. ეს მოხდა მერე ისე, როგორც ხდება საქართველოში, ვიწრო ჯგუფში ნათქვამი თითოეულმა რამდენიმე კაცს უთხრა, გავიდა, გავიდა ეს და ერევანში მეკითხებოდნენ უკვე ჟურნალისტები,", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერმა ბრალი დასდო თავისუფალ დემოკრატებს, რომ ისინი რეგიონებში მისი გუნდის წევრების გადაბირებას ცდილობდნენ.
"ჩვენ ვერ მოვახერხეთ თავის დროზე პარტიის ჩამოყალიბება რეგიონებში და ძირითადად კოალიციაში ვმუშაობდით. ეხლა მეორე თვეა დავიწყეთ ჩვენ პროცესი რათა პარტია განვითარდეს ეს განვიხილეთ საბჭოს სხდომაზე და განვაცხადე, რომ მე თავმჯომარედ დავრუნდები. მე როცა ასე ფრთხილად ვუყურებდი ჩვენი პარტიის განვითარებას იქ ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა. საკუთარ გუნდთან დაიწყო განხილვა და ამ გუნდმა მერე ინფორმაცია გაიატანა. მე მოგახსენეთ და გავიმეორებ, რომ ერევანში უკვე ჟურნალისტი მეკითხებოდა ამაზე", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ოზურგეთში პარტიის ხელმძღვანელად მისი ძველი მეგობარი აირჩიეს, რომელიც თბილისში ჩამოვიდა და მას უთხრა რომ ოზურგეთში ალასანიას ხალხი მის გადაბირებას ცდილობდა.
ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს რომ ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან ჩამოშორება ალასანიას საშუალებას მისცემს უფრო მეტი დრო დაუთმოს თავდაცვას. როგორც ივანიშვილი განმარტავს ამ დროისათვის გადაწყვეტილი არ აქვს თუ ვინ შეცვლის ასალასანიას ვიცე პრემიერის პოსტზე.