სოხუმის თეატრს ახალი მმართველი ჰყავს. ამ პოსტზე დიმა ჯაიანი მერაბ ბრეკაშვილმა შეცვალა.
სოხუმის თეატრის მსახიობთა ერთი ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად, ბრეკაშვილი დასს დღეს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკმა წარუდგინა.
ბრეკაშვილი მმართველის მოვალეობას შეასრულებს. ის თეატრში 25 წელია მოღვაწეობს.
"ვფიქრობ, მერაბ ბრეკაშვილი წარმატებულად გაართმევს თავს იმას, რომ თეატრმა ძველი ღირსება შეინარჩუნოს", - განაცხადა ხომერიკმა.
თავად სოხუმის თეატრის მმართველის მოვალეობის შემსრულებლის თქმით კი, ის თეატრში ბევრ ცვლილებას გეგმავს.
"უპირველესად, ჩვენ დაგვჭირდება თეატრის მთავარი რეჟისორი, რომელთან დაკავშირებითაც რამდენიმე კანდიდატურა უკვე არსებობს. ჩვენ მას დასთან შევათანხმებთ და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ", - განაცხადა ბრეკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დიმა ჯაიანი თანამდებობიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს.