,,ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, მას სერიოზული მიდგომა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბატონი მერაბიშვილი მართალი აღმოჩნდება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ ივანე მერაბიშვილის განცხადების კომენტირებისას, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მძიმე მდგომარეობას წინა ხელისუფლების არასწორი პოლიტიკით ხსნის.
,,არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის საფრთხე არსებობს. იანვრის თვე, რომ ეკონომიკისთვის არააქტიურია საყოველთაოდ ცნობილია. ჯერჯერობით ახალი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გზა გამოკვეთილი არ არის და რეალური ნაბიჯები უახლოეს 2-3 თვის განმავლობაში უნდა გამოიკვეთოს, სხვა არჩევანი მთავრობას არ აქვს. ბატონ მერაბიშვილის განცხადებას რაც შეეხება ის დიდი საბიუჯეტო კრიზისი, რომელიც მისი წარმოდგენით შეიძლება იყოს ცხრაწლიანი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. საქართველოს ეკონომიკაში გარკვეული პრობლემები არსებობს და მთავრობას სერიოზული ფუნდამენტური პრობლემების წინაშე ყოფნა და გადაწყვეტა მოუწევს. აშკარაა, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მას სერიოზული მიდგომა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ასე გაგრძელდა ბატონი მერაბიშვიილი მართალი აღმოჩნდება და უახლოეს 4-5 თვეში შესაძლოა სერიოზული ეკონომიკურო პრობლემები გაგვიჩნდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ახალი მთავრობის ბრალი არ არის", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გიორხელიძემ და აღნიშნა, რომ მთავრობამ ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით კომპლექსურად უნდა იმუშაოს.
,,მსოფლიო ბანკის უკანასკნელი შეფასებით საქართველოში წელს მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა მხოლოდ 5,1%, მომავალ წელს 5,4% გაიზრდება, ხოლო 2015 წელს 5,5%. როგორც ჩანს, ძალიან ფრთხილობს კარგად ინფორმირებული მსოფლიო ბანკი, რადგან მას გარკვეული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს. ამგვარი დაბალი მაჩვენებლით თუ გაიზარდა ქვეყნის შიდა პროდუქტი უახლოეს რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ეკონომიკური მიმართულებით ვერაფრის გაკეთებას შეძლებს. ამიტომ საჭიროა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება და კომპლექსური მიდგომა", _განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ივანე მერაბიშვილმა ქვეყანაში შექმნილ საბიუჯეტო კრიზისთან დაკავშირებით კონკრეტული მონაცემები წარმოადგინა. როგორც ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა ივანე მერაბიშვილმა განაცხადა დეკემბერში ეკონომიკური მაჩვენებელი კატასტროფული იყო.
,,საქართველო დგას სეროზული საბიუჯეტო კრიზისის საფრთხის წინაშე და ამ ფაქტის საილუსტრაციოდ მინდა წარმოგიდგინოთ ის მონაცემები, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობაში" ექსპერტებმა სხვადასხვა წყაროებიდან შეაგროვეს. ოქტომბერში ეკონომიკური აქტივობა 6% იყო, ნოემბერში 3,6%, ხოლო დეკემბერში კატასტროფული მაჩვენებელი გვაქვს ეს არის _5, 2%. მსაგავში მონაცემები, რომ ყოფილიყო ჩვენი მთავრობის შემთხვევაში მთავრობა საგანგებო რეჟიმში გადავიდოდა, ჩაერთვებოდა ხელისუფლების ყველა შტო, როგორც ეკონომიკური ისე სხვა რეგიონული შტოები და ერთად იფიქრებდნენ როგორ გამოსულიყვნენ ასეთი მძიმე მდგომარეობიდან", -განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ივანე მერაბიშვილი.