დღეს, 15 თებერვალს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ სტუდენტები კახეთში გამოვლენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თელავის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობიდან აცნობეს, 13:00 საათზე თელაველი სტუდენტები თელავში, ერეკლე მეფის ძეგლთან გამართავენ აქციას, 14:00 საათზე კი მსგავსი ტიპის მიტინგი გურჯაანში მოეწყობა.
"ნოღაიდელის მიერ რუსულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირმა ქართველი სტუდენტების სერიოზული პროტესტი გამოიწვია, რის გამოც სტუდენტების მიერ ორგანიზებულ, მოძრაობა "სამართლიანი სართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის წინააღმდეგ მიმართულ აქციებს კახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებიც ვუერთდებით", - ნათქვამია " თელავის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ აქციების გარდა, კახელი ახალგაზრდები საზოგადოებაში პროკლამაციებსაც გაავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ გასული კვირის განმავლობაში სტუდენტების ორგანიზებით მსგავსი ტიპის აქციები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ახალციხეში მოეწყო.