მთავარ პროკურატურაში უწყების თანამშრომელთა ტესტირება დაიწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროკურატურიდან აცნობეს, ტესტირება უტარდებათ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროკურორთა გადამზადების კურსი გაიარეს.
კურსი სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის იმპლემენტაციის პირველი ეტაპია. სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედების დროისთვის პროკურატურის ორგანოებში დასაქმებული პროკურორები კარგად ინფორმირებული და მომზადებული უნდა იყვნენ.
ერთი თვის განმავლობაში პროკურორები გაეცნენ სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, გადამზადების კურსი ძირითადად დაეთმო იმ ძირეულ სიახლეებს, რომელიც სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსშია მოცემული. კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, დაცვის სპეციალურ ღონისძიებებს, მტკიცებულების ახალ სტანდარტებს, დევნის დისკრეციულ საკითხებსა და სხვა.
ტესტირება უწყებაში რამდენიმე წუთის წინ, ზუსტად 10:00 საათზე დაიწყო.