ექსპერტთა ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის დარგში განსახორციელებელი პროექტისთვის, საერთაშორისო დონორებიდან სესხის გამოყოფა, როდესაც მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარების 1 მლრდ-იან ფონდს ქმნის.
„რაც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა - მსოფლიო ბანკისგან აღებული სესხი სოფლის მეურნეობის დარგს უნდა მოხმარდეს - მინისტრის მხრიდან მოულოდნელი იყო. ჩვენ ვიცით, რომ უნდა შეიქმნას სოფლის მეურნეობის განვითარების 1 მლრდ-იანი ფონდი, რომელიც დონორებიდან მოზიდული თანხებით უნდა შეივსოს. თავდაპირველად სესხზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ვნახოთ სესხი რა პირობებით იქნება მოზიდული. სესხის მიმართვა ისეთ პროექტებში, რომელიც გრძელვადიან ეკონომიკურ შედეგებზეა მიმართული, უფრო მიზანშეწონილია ვიდრე ისეთ სოციალურ პროექტებზე, რომელსაც უკუშედეგი შედარებით ნაკლები აქვს"- აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკისგან მორიგი სესხის აღებას ელოდება. თუმცა როგორც ირკვევა, წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად მთავრობა ახალ სესხს იღებს. ფინანსთა მინისტრის განმარტებით სესხი საკმაოდ დაბალპროცენტიანი იქნება და ის სოფლის მეურნეობის დარგს მოხმარდება.
„მსოფლიო ბანკთან ინტენსიურად ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის დაფინანსების მიმართულებით. ფინანსთა სამინისტრომ წერილი უკვე მიწერა მსოფლიო ბანკს, იმასთან დაკავშირებით რომ საირიგაციო-სადრენაჟო სამუშაოების დასაფინანსებლად იაფი კრედიტი მივიღოთ, რათა სოფლის მეურნეობაში აღებული ვალდებულებები შევასრულოთ"- აცხადებს ნოდარ ხადური.