ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების მფლობელები კომპენსააციებს მიიღებენ. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროიდან აცნობეს, მინისტრი დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „აჭარენერჯი 2007'-ის წარმომადგენლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს შეხვდა. გიორგი თავართქილაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჰესის მშენებლობით დაინტერესებული კომპანიის თანამშრომლებთან და ოფიციალურ პირებთან, სოფლების, სიმონეთისა და ონტოფოს მცხოვრებლებისთვის კომპენსაციების გადაცემის საკითხი განიხილა. გადაწყდა, რომ პრობლემის გადაჭრაზე კომპანიის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია იმუშავებს. გიორგი თავართქილაძის განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების მფლობელების საკითხი ინდივიდუალურად უნდა იქნას შესწავლილი და მათ კომპენსაციის სახით კვადრატულ მეტრზე მინიმუმ 17 ლარი უნდა გადაეცეთ.
შეგახსენებთ, რომ თურქულ კომპანია „აჭარენერჯი 2007"-ს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჰესის მშენებლობისთვის, სოფლების, სიმონეთისა და ონტოფოს მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის წესით (1 კვ. მ. 3 ლარად), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის 16 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 მარტის 02/03/04 განკარგულების საფუძველზე გადასცა. აღსანიშნავია, რომ კომპანიისთვის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში კომპენსაციების გაცემის ვალდებულება არ არსებობდა.