,,პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს ", -განაცხადა ,,ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე შეხვედრისას ორგანიზაცია ,,რეფორმების ასოციაციის" ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კომენტირებისას.
,,პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში. პირველ რიგში იმის გამო, რომ ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დეცენტრალიზაციისთვის. აღმასრულებელი ხელისუფლება თბილისში, სასამართლო ბათუმში და პარლამენტი ქუთაისში ეს ის მოდელია რომელმაც შეიძლება რეგიონებს თანაბარ განვითარებას შეუწყოს ხელი", -განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ქორთიარდ მარიოტში" საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან იმართება, რომელსაც უმრავლესობის, ოპოზიციისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე განიხილავენ პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. კერძოდ, კონსტიტუციიდან 42-ე პრიმა მუხლის ამოღების ინიციატივას, რომლის თანახმადაც, საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობად მხოლოდ ქალაქი ქუთაისია მინიშნებული. ასევე განიხილება პრეზიდენტისთვის მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილების გაუქმების ინიციატივა.
საკონსტიტუციო ცვლილეების საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით ხორციელდება.