სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ახალი, 3 მლნ 600 ათასი ლარის ღირებულების სამელიორაციო ტექნიკა შეიძინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ქვეყანაში საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესება წარმოადგენს. ქვეყნის მასშტაბით რწყვის პერიოდისთვის სრულად აღდგენილი იქნება 50-მდე სარწყავი არხი. სარეაბილიტაციო სამუშაოები სარწყავი სეზონის დაწყებამდე დასრულდება, რაც მომავალი წლის მოსავლიანობის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ამჟამად არხების აღდგენა მიმდინარეობს მარნეულის, გარდაბნის, ქარელის, კასპისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. აგრეთვე, დასრულებულია 15 მაგისტრალური სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროექტირება. შედეგად, 2013 წელს სულ 70 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა გასარწყავდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 200-მდე სპეციალისტია დასაქმებული.
საქართველოში საირიგაციო სისტემების კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები ოცდაათი წელია არ ჩატარებულა. შედეგად მწყობრიდან გამოსულია სარწყავი არხები, რაც უარყოფითად აისახება მოსავლიანობაზე და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს არაეფექტიანს ხდის.