,,თბილისი ქალაქ-სახელმწიფოდ გადაიქცა", _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის"' ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ აუცილებელია რეგიონების განვითარება მოხდეს.
,,სადაც პარლამენტია იქ არის პოლიტიკური აქტიურობის ცენტრი და აქტიურობა თავისთავად განვითარების წინაპირობაა. ასე, რომ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ დავეთანხმები. ხუმრობით შეიძლება განვიხილოთ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ბატონ ივანე ნიშნიანიძის წინადადებაც, რომ ქუთაისი საპორტო ქალაქად უნდა გადავაქციოთ. დღევანდელ ხელისუფლებისა და უმრავლესობის მხრიდან ვერ ალტერნატივა დავინახე თუ როგორ უნდა მოხდეს წლების განმავლობაში თბილის განტვირთვა და დანარჩენი რეგიონების განვითარება. ვიმეორებ, რომ საუბარი არ არის მხოლოდ ქუთაისის განვითარებაზე, ლაპარაკია როგორ უნდა მოვახდინოთ თბილის განტვირთვა და საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარება. დღევანდელი მდგომარეობა თბილისისთვის, საქართველოს ნებისმიერი მაცხოვრებისთვის კატასტროფულია, რადგან თბილისი გადაიქცა ქალაქ-სახელმწიფოდ და სულ რაღაც 10-15 წელში გვექნება მდგომარეობა, როცა საქართველო, სამწუხაროდ, დარჩება მხოლოდ ქალაქ-სახელმწიფოს რანგში", -განაცხადა ბობოხიძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ქორთიარდ მარიოტში" საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მედიის წარმომადგენლებთან იმართება, რომელსაც უმრავლესობის, ოპოზიციისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე განიხილავენ პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. კერძოდ, კონსტიტუციიდან 42-ე პრიმა მუხლის ამოღების ინიციატივას,
რომლის თანახმადაც, საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობად მხოლოდ ქალაქი ქუთაისია მინიშნებული. ასევე განიხილება პრეზიდენტისთვის მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილების გაუქმების ინიციატივა.
საკონსტიტუციო ცვლილეების საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით ხორციელდება.