საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასვლის რეჟიმი დადგენილია, - განცხადება ამის შესახებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ანქვაბმა განაცხადა, რომ ქართულ -აფხაზურ საზღვარზე გადასვლა ახლა "ძალიან გამკაცრებულია". მისივე თქმით, "დადგენილია დოკუმენტების ნუსხა, რომლებითაც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია".
"გალის რაიონის მაცხოვრებლებს, ძირითადად აქვთ ფორმა №9, რომელზეც ათობით ბეჭედია დარტყმული. ჩვენ თანდათანობით ვაჩვევთ ადამიანებს წესრიგს და იმას, რომ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას მათი მონაცემები აუცილებლად შეაქვთ კომპიუტერულ ბაზაში. ამის გამო, საზღვარზე სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია", - განაცხადა ანქვაბმა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტში კიდევ სამი გამშვები პუნქტი გაიხსნება და გადაწყვეტილება ამის შესახებ უკვე მიღებულია.
"ეს მათ ვინც ცუდი აზრების გარეშე კვეთს სახელმწიფო საზღვარს ქვედა ზონაში ამ პროცედურას გაუადვილებს", - აცხადებს ანქვაბი და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება მათ, ვინც აფხაზეთის საზღვარს საქართველოს მხრიდან კვეთს, მათ ხელთ საზღვარგარეთის პასპორტები უნდა ჰქონდეთ.
"ეს სახელმწიფო საზღვარია და უცხოელები მას საზღვარგარეთის პასპორტებით უნდა კვეთდნენ", _ აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი.