,,რუსეთი ირანთან და სომხეთთან კონტაქტების გაადვილების მიზნით, რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით აფხაზური მხარის მიმართ მომთხოვნი იქნება", -განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადების კომენტირებისას.
,,არ ვიცი რას ემყარება ანქვაბის არგუმენტაცია, მაგრამ ის, რომ ქართული მხარე, აფხაზეთის გავლით, რკინიგზის გაყვანას დასთანხმდა, აფხაზური მხარე უკვე სიფრთხილეს იჩენს. მითუმეტეს, აფხაზური მხარე კარგად აცნობიერებს, რომ რკინიგზა მხოლოდ ტვირთის გადატანის ფუნქციას არ შეასრულებს და იგი აფხაზებსა და ქართველებს შორის კავშირების შექმნის საშუალება იქნება, რაც აფხაზეთის ხელისუფლებისთვის საფრთხის შემცველია იმ მიმართულებით, რომ აფხაზურ საზოგადოებაში შესაძლოა პროქართული ინტერესი გაჩნდეს", _განაცხადა ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ რუსეთი ირანთან და სომხეთთან კონტაქტების გაადვილების მიზნით, რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით აფხაზური მხარის მიმართ მომთხოვნი იქნება.
,,არა მგონია, აფხაზეთის მხრიდან რკინიგზის მშენებლობის საკითხზე ხელის შეშლა სტრატეგიული მნიშვნელობის იყოს, რადგან რუსეთის ინტერესი რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით სცილდება აფხაზურ თემას, რის გამოც სავარაუდოა, რომ რუსეთი ირანთან და სომხეთთან კონტაქტების გაადვილების მიზნით რკინიგზის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით აფხაზური მხარის მიმართ უფრო მომთხოვნი იქნება", _განაცხადა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი" ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხს უპერსპექტივოს უწოდებს. როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ერევანში ვიზიტისას თავის სომეხ კოლეგასთან, ტიგრან სარქისიანთან ერთად გამართა, განაცხადა, რომ თბილისი მზადაა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების შემდეგ, აფხაზეთთან სარკინიზგო მიმოსვლის შესახებ საკითხი განიხილოს, რომელიც 1992-93 წლების კონფლიქტის შემდეგ შეწყდა.