კომპენსაციების გასაცემად რამდენიმე პროცედურა გახორციელდება: 1. დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბანკ „ქართუს"გადაუგზავნის ბენეფიციართა სიას; 2. ბანკი, ამ სიების საფუძველზე, თითოეულ ბენეფიციარს გაუხსნის საბანკო ანგარიშს. 3. სამშაბათს, 22 იანვარს, სამინისტრო როგორც ბანკ „ქართუს", ისე მუნიციპალიტეტების გამგეობებს გაუგზავნის იმ 3000 ბენეფიციარის სიას, რომელსაც პირველ ეტაპზე უნდა ჩაერიცხოს თანხა. სიები გაეგზავნება როგორც ბანკ „ქართუს", ისე ადგილობრივ გამგეობებს. მოსახლეობას ინფორმაციის მიღება ასევე შეეძლება სოფლის რწმუნებულებთან. ამით მოქალაქეები შეძლებენ, წინასწარ გაეცნონ სიას და ზედმეტი პრობლემები და გართულებები თავიდან აიცილონ. 4. კვირის ბოლოს რეგიონული განვითარების სამინისტრო დამატებით 3000 ბენეფიციარის სიას გაუგზავნის ბანკს. მთლიანად, კომპენსაციების გაცემა, სავარაუდოდ, 5-6 კვირა გაგრძელდება. იმისათვის, რომ მთელი პროცესი წარიმართოს დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თხოვს დაზარალებულ მოქალაქეებს, იყვნენ მაქსიმალურად ყურადღებით, დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ადგილობრივ გამგეობებში, რომლებიც სრულად იქნებიან ინფორმირებულნი ყველა პროცედურასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები