ბათუმში გიდების კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდა. გამოცდა სამ ეტაპს მოიცავდა. საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა გიდებმა თეორიულ და პრაქტიკულ ტურებში შეძლეს.
საქართველოს ისტორია, ქვეყნის გეოგრაფია, ტურისტული ობიექტების მდებარეობა - ეს ის საკითხებია, რომლის ცოდნაც ექსკურსიამძღოლებს თეორიული გამოცდის დროს მოეთხოვებოდათ. გამოცდა ტესტირების მეთოდით ჩატარდა და საუკეთესო შედეგისთვის გიდებს 100 კითხვიდან 70 შეკითხვაზე სწორი პასუხი უნდა გაეცათ.
მომდევნო ეტაპზე კი გიდებმა პრაქტიკული დავალებები სატრანსპორტო და საფეხმავლო ტურში მიიღეს, სადაც მათ ტურისტული ჯგუფის მართვის დროს საჭირო დეტალების გათვალისწინება მოეთხოვებოდათ. ტურის ფარგლებში, გიდებმა საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ჩვენება ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოს გიდების ასოციაციის ინიციატივითა და ბათუმის ტურისტული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. საუკეთესოებს თებერვალში კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.