ლაგოდეხში - სოფელ აფენის მოსახლეობა ხელისუფლებას სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურებას სთხოვს.
ადგილობრივების თქმით, ზარალის დამთვლელი კომისიის მიერ შევსებული განცხადებები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შეცვალეს იმ მიზნით, რომ დაზარალებულებმა მცირე კომპენსაცია აიღონ.
კახელი გლეხებისთვის მიუღებელია 100-ლარიანი კომპენსაციაც. აქციის წევრები აცხადებენ, რომ ზარალის სრულად არ ანაზღაურების შემთხვევაში, ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გამართავენ.
გლეხების პროტესტს ლაგოდეხის გამგებელი გამოეხმაურა. ვლადიმერ ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობა კომპენსაციას იმ გეგმის მიხედვით მიიღებს, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაითვალა.
შეგახსენებთ, რომ სტიქიით დაზარალებული გლეხებისთვის კომპენსაციების დარიგება ხვალიდან იწყება.