„ვისოლ ჯგუფისა" და „უნიქარდის" ერთობლივი საახალწლო აქცია, რომლის დროსაც ერთგულ მომხმარებელს ვისოლის თითოეულ ავტოგასამართ სადგურზე შეეძლო წვლილი შეეტანა მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად, დასრულდა. შემოსული თანხით 2 მარტს ფონდი „იავნანა" სოციალურად დაუცველ უსახლკარო ოჯახს გადასცემს ბინას. აქცია ვისოლისა და უნიქარდის ერთგული მომხმარებლების წახალისებასაც ისახავდა მიზნად, შესაბამისად, მომხმარებლებს, რომლებმაც ყველაზე მეტჯერ შეიძინეს საწვავი ვისოლის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე და გაატარეს უნიქარდი, საჩუქრად ვისოლის საწვავი, სუპერმარკეტი „სმარტისა" და ავტომომსახურების ქსელის „ვიანორის" 200 ლარიანი ვაუჩერები და უნიქარდის ქულები გადაეცა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ვისოლის სათაო ოფისში გაიმართა. ღონისძიებას პაატა ბურჭულაძეც დაესწრო.
„საზოგადოებაზე ზრუნვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პრიორიტეტია ვისოლ ჯგუფისათვის. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "იავნანასთან" კომპანია დაარსების პირველივე დღიდან თანამშრომლობს. „იავნანამ" ვისოლ ჯგუფთან და სხვა ერთგულ მხარდამჭერთან ერთად 72 ოჯახს შეუძინა ბინა და 1500-მდე ბავშვს მისცა საშუალება ოჯახურ თბილ გარემოში, უკეთეს პირობებში იცხოვროს. "უნიქარდიც" აქტიურად თანამშრომლობს ფონდ „იავნანასთან" და უკვე 1 წელია 4 მრავალშვილიან ოჯახს ურიცხავს ყოველთვიურ ხელფასს. მოხარული ვარ, რომ დღევანდელ აქციას „უნიქარდიც" შემოუერთდა და ერთად შეგვაქვს წვლილი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებად", - განაცხადა ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
საახალწლო აქციაში ათი ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით. 20 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით ვისოლის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე ერთგული მომხმარებლის მიერ საწვავის თითოეული შესყიდვისას და „უნიქარდის" გატარებისას ერთი თეთრი საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" ანგარიშზე ირიცხებოდა.