აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ალჟირის ხელისუფლებას ნებისმიერი დახმარების გაწევა შესთავაზა, რომელიც ინ-ამენასის სიტუაციასთან არის კავშირში. ეს ადგილი უკანონო დაჯგუფებების მიერ რამდენიმე დღის წინ იქნა მიტაცებული. ოპერაციის შედეგად, რომელიც გუშინ ჩატარდა, 32-დან ხუთი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ალჟირის სახელმწიფო მედია იტყობინება.
ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ საფრთხეს, რომელიც „ალ-ქაიდასა" და ჩრდილოეთ აფრიკაში მოქმედი სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან მოდის - განაცხადა ობამამ. მთლიანობაში, მსხვერპლზე პასუხისმგებლობა მან დაჯგუფების წევრებს დააკისრა. ხუთი ბრიტანელის, ხუთი ნორვეგიელის და ათი იაპონელის ბედი, რომელნიც მძევლებად იმყოფებიან, ამ დრომდე უცნობია. ასევე, არ ხმაურდება ოპერაციის დეტალებიც.
ქვეყნის ხელისუფლებამ ოპერაციის დასრულების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. რუმინეთის ხელისუფლების განცხადებით კი, დაღუპულებს შორის მათი მოქალაქეებიც არიან. ალჟირის ხელისუფლება ირწმუნება, რომ სამხედროებმა 553 ალჟირელი მძევალი და 132 -მდე უცხოელი გადაარჩინეს. სააგენტოების ინფორმაციით, ისლამისტები ავტომატებით და ტყვიამფრქვევებით იყვნენ შეიარაღებულნი.
სიტუაცია კი რამდენიმე დღის წინ ასე განვითარდა: ისლამისტები ორ ავტობუსს დაესხნენ თავს და გაზის ქარხნის მუშები გაიტაცეს. შემდეგ ტიგანტურინში მძევლად ალჟირელები და უცხოელები აიყვანეს. ამის შემდეგ, არმიამ ალყა შემარტყა კომპლექსს. დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერებმა ალჟირის ხელისუფლებას სთხოვეს, არ განახოციელებინა აქტიური მოქმედებები და კონსულტაციები გაემართა მათთან. თუმცა, ალჟირის არმიამ იერიში დაიწყო. მედიის ინფორმაციით, მძევლების ნაწილმა გაქცევა შეძლო, ხოლო ნაწილი დაიღუპა.
ალჟირის ხელისუფლების განცხადებით, ისლამისტებს მუხტარ ბელმუხტარი ხელმძღვანელობს, რომელიც ადრე „ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი იყო. გაზის გადამამუშავებელი ქარხანა, საიდანაც მძევლების გატაცება მოხდა, უდაბნოში, ლიბიის საზღვართან მდებარეობს. ქვეყნის შსს მინისტრმა განაცხადა, რომ ისლამისტებს მძევლებთან ერთად ქვეყნის დატოვება სურდათ, თუმცა, მან ამის საშუალება არ მისცა.
მასალის გამოყენების პირობები