შე, დალოცვილო, რაღა პარლამენტი წამოვიყვანოთ უკან, ამხელა შენობა ავაშენეთ, ეს მთავრობა წავიყვანოთ იქ და მეორე დიდი ნაბიჯი გვექნება გადადგმული დეცენტრალიზაციისაკენ, - ასე ეხმიანება მმართველი ძალის იდეას პარლამენტის ქუთაისიდან კვლავ თბილისში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მწერალი დათო ტურაშვილი.
როგორც მან "რუსთავი 2"-ს ეთერში განაცხადა, ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესი აუცილებლად უნდა განხორციელდეს.
"დეცენტრალიზაცია თუ არ დავიწყეთ, ეს საბჭოური თავკომბალა...... მანჩესტერი ვახსენე, მანჩესტერელი დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთის დედაქალაქში კი არ ცხოვრობს, სამყაროს დედაქალაქში ცხოვრობს, მას სულ არ აინტერესებს ლონდონი. ჩვენ რომ გვგონია, რომ რახან დედაქალაქია და მაინცდამაინც თბილისში უნდა ვიცხოვროთ... დეცენტრალიზაციის პროცესი დაიწყო და რატომ უნდა შევუშალოთ ხელი. სხვათა შორის, მოვისმინე ვახტან ხმალაძის კომენტარი. ეს არის ძალიან პატივსაცემი, უპატიოსნესი, მშრომელი, გამრჯე და წესიერი ადამიანი. ასეთ ადამიანს პატივს ვცემ, მაგრამ საოცარი რამე თქვა: პარლამენტი იმიტომ უნდა დავაბრუნოთ თბილისში, რომ მთავრობა და პარლამენტი, ანუ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ახლოს იყოსო... შე, დალოცვილო, რაღა პარლამენტი წამოვიყვანოთ უკან, ამხელა შენობა ავაშენეთ, ეს მთავრობა წავიყვანოთ იქ და მეორე დიდი ნაბიჯი გვექნება გადადგმული დეცენტრალიზაციისაკენ. ამის მოხვედრა მე მგონი, ძნელი არ არის. ახალ პარლამენტში არასაბჭოურად მოაზროვნე ხალხი აღმოჩნდა, რასაკვირველია, საეჭვო ხალხიც ბევრია, მაგრამ არასაბჭოურად მოაზროვნე ვინც არის, ვინც ხვდება რაც არის დეცენეტრალიზაცია, ალბათ, ისინი არ შეუწყობენ ხელს ამ პროცესს", - აღნიშნა ტურაშვილმა და დეპუტატების განცხადებებსაც გამოეხმაურა იმ დისკომფორტთან დაკავშირებით, რომელიც მათ თბილისის გარეთ მუშაობას უკავშირდება.
"რაც შეეხება პირად დისკომფორტს, კონსტიტუციაში ასე გვიწერია, რომ საპარალმენტო დედაქალაქი არის ქუთაისი. ქართველმა ხალხმა ამათ, ამ 150 ადამიანს მიუსაჯა ქუთაისში მოღვაწეობა. ჩვენ რომ ესენი ავირჩიეთ, კონსტიტუციაში ასე გვეწერა. ჩვენ მათ მივუსაჯეთ. დამთავრდა ის, მაგათYრომ ჰგონიათ, რომ პრივილეგიებისთვის ხვდებიან იქ და ცხოვრების მოსაწყობად... მისჯილი აქვთ. უნდა მოიხადონ ვალი. აქ საკამათო არაფერია. მოიხდი ოთხ წელს, გამოხვალ და შემდეგ სხვას გავაგზავნით, ვისაც ავირჩევთ", - განაცხადა მწერალმა.