ორი აზრი არ არის, იყო დაშვებული უამრავი შეცდომა. მით უმეტეს, ამ შეცდომებს ჰქონდა გარკვეული საფუძველი ობიექტური თვალსაზრისით, - განაცხადა ტელეკომპანია „მე-9" არხზე ირაკლი ოქრუაშვილმა. მისი თქმით, პრობლემები უფრო ადრეული პერიოდოდან იღებს სათავზეს, ვიდრე ახლა, რაღაც სამ-ოთხწლიან პერიოდში.
"მთავარი პრობლემა მდგომარეობდა შევარდნაძის მმართველობაში. ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, რაღა დროს შევარდნაძეა. შევარნდაძის დანატოვარმა მემკვიდრეობამ მიგვიყვანა ამ შედემეგაბდე და მის დათესილს ვიმკით დღეს. მის მიერ დატოვებულმა მემკვიდრეობამ და ქვეყნის რევოლუციურ რეჟიმში განვითარებამ შექმნა მდგომარეობა, რომლითაც დღეს მოვედით, რომ ყოფილიყო ევოლუციური განვითარების რეჟიმი, სააკაშვილი იქნებოდა სადმე საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩვეულებრივი კლერკი, მე ვიქნებოდი ადვოკატი, მერაბიშვილი სადმე კოლმეურნეობაში, სადმე თანამდებობაზე. იმ პროცესებმა, რაც მოხდა 2003 წელს, გამოიწვია ჩასახვა იმ ყველაფრისა, რომელიც მერე მთელი ამ ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა. 26 წლის ასაკში გავხდი მინისტრის მოადგილე. 29 წლის ვიყავი გენერალური პროკურორი. ბაბუაჩემთან მივედი, როცა მინისტრის მოადგილედ დავინიშნე და ცოტა ნიშნის მოგებით და ტრაბახით ვუთხარი, აი, ნახე შენი შვილიშვილი 26 წლის რას მოვესწარი მეთქი. დადებითი ემოცია არ შემიმჩნევია მის სახეზე და გამიკვირდა კიდეც მისი ასეთი განწყობა. მან მითხრა, რომ ეს იქნება ძალიან ცუდი შენთვის და შენი მეგობრებისთვის, იმიტომ, რომ თქვენ გარკვეული განვითარების საფეხურები გამოტოვეთ. ჩვენ სიტუაცია კი არ გაგვექცა მაშინ, არამედ იმ პერიოდში მიღწეული წარმატებების მძევლები აღმოვჩნდით", - განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისი თქმით, მოკლე პერიოდში მიღწეულმა თავბრუდამხვევმა წარმატებებმა, "დაგვარწმუნა საკუთარ უალტერნატივობაში. იმის გამო, რომ ჩვენ კონკურენტი არ გვყავდა, ვვარაუდობდით, რომ ეს მუდმივად უნდა გაგრძელებულიყო".
"ამან შექმნა ერთგვარი დაუსჯელობის სინდრომი. ამას მოჰყვა მერე ბევრი ისეთი რაღაც, რაც მერე საზოგადოებაში დიდი პროტესტის საფუძველი გახდა", - განაცხადა ოქრუაშვილმა.