სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნის 54 მუნიციპალიტეტში საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდება. თითოეულ სამსახურში დარგის 4-5 სპეციალისტი დასაქმდება, სულ 250-მდე ადამიანი.
დაინტერესებულ პირებს 2013 წლის 16-28 იანვარს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.hr.gov.ge.
შერჩევის პირველი ეტაპი გულისხმობს პროფესიულ ტესტირებას (სამართლებრივი აქტების ნახვა შესაძლებელია აქ: http://moa.gov.ge/?page_id=214). შემდეგ ეტაპზე გადასული მონაწილეები გაივლიან გასაუბრებას სამინისტროს საკონკურსო კომისიაში. წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან რეგიონალურ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.
საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში ფერმერთა მოთხოვნილებების შესაბამისად განისაზღვრება პრიორიტეტები და შემუშავდება რეკომენდაციები, აქვე მოხდება ახალი ტექნოლოგიების შერჩევა-დანერგვა ექსპერიმენტული და საცდელი-სადემონსტრაციო მეურნეობების სახით. დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით საკონსულტაციო სამსახურებში შეიქმნება აგრო-საინფორმაციო ბაზები.
სამსახურების მიზანია განსაზღვროს ფერმერთა გაერთიანებების ოპტიმალური ფორმირება და ხელი შეუწყოს კოოპერირების პროცესს; აღნიშნულ სამსახურს ასევე დაევალება რეგიონებში დღეს არსებული სასოფლო-სამეურნეო მანქანების ცენტრების განვითარება და ახალი ცენტრების ჩამოყალიბება, მარკეტინგული ინფორმაციის გავრცელება და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.
საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები უზრუნველყოფს მთელი ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის ერთიანი პოლიტიკის გატარებას.