საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას პასუხობს.
როგორც თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ვაკო ავალიანმა განაცხადა, საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 13 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც ვეტერანების პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნებს.
"საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 13 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც იზრუნებს ვეტერანების პიროების გაუმჯობესებაზე. აქ საუბარია, სრულ სოციალურ პაკეტზე, არამხოლოდ პენსიებზე, არამედ დაზღვევებზეც. შესაბამისად, პრეზიდენტმა გაიმეორა საქართველოს მთავრობის განკარგულების მხოლოდ მცირედი ფრაგმენტი, როდესაც მან გააკეთა განცხადება, რომ სამხედროებს პენსიები უნდა გაეზარდოს. საქართველოს პრეზიდენტს, სულ მცირე, 8 წელი დააგვიანდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ძველ ხელისუფლებას რეალურად არაფერი გაუკეთებია ვეტერანებისთვის და მეორე, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ამავდროულად საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანაში კრიზისია, თუმცა იმავე დროს აცხადებს, რომ ახლა მთავრობას აქვს იმის საშუალება, რომ გაიზარდოს პენსიებიც. დიახ, ნამდვილად, საქართველოს მთავრობა აპირებს პენსიების გაზრდას და მთლიანად მთელი სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას", - განაცხადა ავალიანმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი დღეს სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ყველა იმ სამხედრო მოსამსახურის ოჯახს, რომელიც დაიღუპება, მიუხედავად იმისა, ოჯახის მარჩენალი იყო თუ არა ეს სამხედრო პირი, მიეცეს პენსია, სამხედრო პენსიის ოდენობით და არა მხოლოდ კომპენსაცია, რომელიც დღეს ერთჯერადი სახით ეძლევათ. ამასთან, პრეზიდენტის ინიციატივით, უნდა გაორმაგდეს სამხედრო პენსიები და მინიმალური ზღვარი იყოს სახელმწიფო პენსიის მინიმალური ოდენობის ორმაგი, ხოლო ვინაიდან 90-იან წლებში იმდენად დაბალი იყო ეს კომპენსაცია, რომ ბევრი ადამიანი ჩვეულებრივ სახელმწიფო პენსიაზე გადავიდა, მათ შეეძლოთ, გადმოსვლა ისევ სამხედრო პენსიაზე, სამხედრო კომპენსაციაზე. გარდა ამისა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ სამხედრო მოსამსახურე გავიდა პენსიაზე, მაგრამ უნდა სახელმწიფო სამსახურში სამსახური, შეუნარჩუნდეს სამხედრო პენსია და ეს ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდეს.