,,სახელმწიფომ და პროკურატურამ სექსუალური უმცირესობის მქონე ადამიანების პირადი ცხოვრების მიმართ უპასუხისმგებლობა გამოიჩინა", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ადვოკატმა თამარ ჩუგოშვილმა პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს.
,,პროკურატურის მხრიდან ვიდეომასალის გავრცელება ისევე, როგორც ამ ჩანაწერების უკანონოდ მოპოვება, ცუდი ფაქტია. მით უმეტეს, ყველასთვის გაუგებარია, რას ემსახურებოდა პროკურატურის მხრიდან ამ ჩანაწერების გავრცელება და ადამიანების პირადი უფლებების შელახვა. თუმცა არ მგონია, რომ მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხზე უნდა ვილაპარაკოთ. ეს ნამეტანი იქნება. Uბრალოდ,D ვფიქრობ რომ სახელმწიფომ ამ ადამიანების პირადი ცხოვრების მიმართ უპასუხისმგებლობა გამოიჩინა და მსგავსი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს. იმედია, ამას გააცნობიერებს და აღიარებს მთავარი პროკურატურა", _ განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით პოლიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნილ მამაკაცებზე. ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი ცხოვრების პირადი ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც კომპრომაციის მუქარით მათ აშანტაჟებდნენ და აიძულებდნენ ფარულ თანამშრომლობას.ამასთან საია-ს შეფასებით, პროკურატურისა და მედია-საშუალებების მიერ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა მოხდა. ამის შესახებ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც ასოციაცია მთავარი პროკურატურის მიერ 2013 წლის 14 იანვარს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-მასალების გავრცელების ფაქტს ეხმაურება და მზადაა იმ პირებს, რომელთა იდენტიფიცირება გავრცელებული ვიდეო-მასალით შესაძლებელი გახდა, შესაბამისი იურიდიული მომსახურება აღმოუჩინოს (ანონიმურობის სრული დაცვით) და მათ სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ.