მერის ინიციატივას ფრაქცია ,,ქართული ოცნება-თბილისელების" თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა რომ გიგი უგულავა ცდილობს შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები ,,ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებისთვის"
"როგორც ჩანს, პირველი ოქტომბრის არჩვნების შემდეგ უგულავა მყარად ჩამოყალიბდა იმ მოსაზრებაზე,რომ იგი წარმოადგენს ერთადერთ იმედსა და დასაყრდენს ,,ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენის გზაზე.ამ მიზნით იგი ქმნის სამეთვალყურეო საბჭოებს, მერიის სამსახურებსა და საბავშვო ბაღებში და გუშინ გახმაურებული ინიციატივა გამგეობების 5 ადმინისტრაციული ერთეულის 10 რაიონად გადაკეთების შესახებ წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას , რათა შექმნას მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები ,, ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებისათვის - მათ, ვინც წააგო პირველი ოქტომბრის არჩევნები.უგულავა ამით ცდილობს შექმნას გარკვეული პატარა ციხე - სიმაგრე შემდგომი არჩევნების მომზადების ფონზე. ეს იქნება უკანასკნელი ბასტიონი,რომელიც მალე აუცილებლად დამარცხდება და დაიშლება", - განაცხადა ჟურნალისტებთან ზუმბაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია ქალაქი 10 რაიონად დაიყოფის საკრებულოს მიმართავს. თბილისის მერიის ინფორმაციით, რაიონების დაყოფა მარტივად მოხდება. მაგალითად ვაკე-საბურთალოს ნაცვლად ვაკისა და საბურთალოს რაიონები იქნება, იგივე პრინციპით მოხდება სხვა რაიონების დაყოფაც. დაყოფის ეს პრინციპი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ არ მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდა, რადგან გამგეობის მომსახურების ცენტრები, დაყოფის შემდეგ უკვე ორ რაიონს მოემსახურება. მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს: ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების უკეთ გადაწყვეტასა და დარეგულირებას, მასში მოსახლეობის ჩართულობის დონის უფრო ამაღლებას და შესაბამისად თბილისელების საზოგადოებრივი, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სახის ინტერესების კიდევ უფრო ეფექტურად დაკმაყოფილებას.
მერიის ახალი ინიციატივა თბილისის მერმა საზოგადოებას დღეს გააცნო და ქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა.