ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანის ვანო მერაბიშვილის განცხადებას საბიუჯეტო კრიზისთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების საპასუხო განცხადბები მოჰყვა.
ვანო მერაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ნოდარ ხადურთან დებატებში მონაწილეობაზე.
თავის მხრივ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არსებობს და მზადაა ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ დებატებში მონაწილეობისთვის.
„საქართველოში საბიუჯეტო კრისიზი არ არსებობს. სახელმწიფო ბიუჯეტთან, ქვეყანის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებთან და მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით მზად ვარ ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანთან დებატებში მივიღო მონაწილეობა", - აცხადებს ნოდარ ხადური.
თავის მხრივ კი ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ "სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ტელედებატებში ფინანსთა მინისტრთან, ჩემს მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაჟღერებულ საკითხებთან (საბიუჯეტო კრიზისი) და სხვა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით".
როგორც დღეს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, ვანო მერაბიშვილი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.
„3 იანვარს შემოსავლების სამსახურმა და 8 იანვარს ფინანსთა სამინისტრომ გავავრცელეთ ოფიციალური განცხადება ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებით. 2012 წლის დეკემბრის ბიუჯეტი 11 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა. და ბიუჯეტი შესრულდა ძირითადად საშუალო და მცირე ბიზნესის ადმინისტრირების ხარჯზე. და პირველად არ ყოფილა ბიუჯეტში გამოყენებული წინმსწრებად დარიცხვის მანკიერი პრაქტიკა, ის პრაქტიკა რაზეც დღეს ვანო მერაბიშვილი საუბრობდა, რომელიც ნამდვილად არსებობდა წინა წლებში და არა 2003 წლამდე. შესაბამისად მივმართავთ ვანო მერაბიშვილს მიიღოს ნებისმიერი სახით მონაწილეობა დებატებში და ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების პირისპირ გამოსვლა ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობის გამოცდილება მისცემს საშუალებას კვალიფიციური და არგუმენტირებული ოპონირება გაუწიოს ჩვენს წარმომადგენლებს და ისაუბროს იმ ფაქტებზე რომელზედაც დღეს ის საუბრობდა, თუმცა ციფრების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ განცხადებას მივიჩნევთ, როგორც დისკრედიტაციას ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის თითოეული თანამშრომლის წინააღმდეგ მიმართულად"- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვანო მერაბიშვილმა საქართველოში კრიზისის დაწყებაზე გააკეთა განცხადება.
,,სამწუხაროდ, საქართველოში დაიწყო საბიუჯეტო კრიზისი რაც გამოწვეულია საქართველოს ბიუჯეტში რეალური შემოსავლების კლებით. საქართველოში შემცირებულია ეკონომიკური აქტივობა, რაც გამოიხატება როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის შემცირებაში. საქართველოში შემცირდა წარმოება და ვაჭრობა. ამავე დროს საგანგაშოდ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკურ სუბიექტებს შორის ვალის ოდენობა. დღეს საქართველოს ეკონომიკურ სუბიექტებს ერთმანეთის მიმართ დიდი ვალი დაუგროვდათ. ამ კრიზისის შენიღბვის მიზნით მთავრობამ აღადგინა ძველი 2003-წლამდე შევარდნაძის ეპოქაში არსებული ძველი პრაქტიკა_ გადასახადების წინასწარ გადახდა ანუ კომპანიებს დეკემბერში გადაახდევინეს იანვარში გადასახდელი გადასახადი, რაც სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანს", -განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ საბიუჯეტო კრიზისი სამი ფაქტორითაა განპირობებული.
"პირველი ეს არის ბიზნესის შევიწროება. მიმდინარეობს ყოველდღიური მასობრივი შემოწმება ბიზნესების როგორც საგადასახადო ინსპექციის, ფინანსური პოლიციისა და პროკურატურისა და რაც ყველაზე საგანგაშოა შსს მიერ. მეორე_ შეჩერდა ინფრასტრუქტურული პროექტები, რამაც უმუშევრობის ზრდა უკვე გამოიწვია და მესამე- რაც ყველაზე მთავარია მთავრობას არ გაჩნია ერთიანი, მკაფიო ეკონომიკური მოქმედების გეგმა", -განაცხადა ჟურნალისტებთან მერაბიშვილმა.