ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილის ფინანსთა მინისტრის გამოწვევას იღებს და დებატებში მონაწილეობაზე თანხმდება.
"სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ტელედებატებში ფინანსთა მინისტრთან, ჩემს მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაჟღერებულ საკითხებთან (საბიუჯეტო კრიზისი) და სხვა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით", - - აცხადებს ვანო მერაბიოშვილი.
შეგახსნებთ, რომ შემოსავლების სამსახური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ვანო მერაბიშვილს უპირისპირდება. როგორც დღეს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, ვანო მერაბიშვილი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.
„3 იანვარს შემოსავლების სამსახურმა და 8 იანვარს ფინანსთა სამინისტრომ გავავრცელეთ ოფიციალური განცხადება ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებით. 2012 წლის დეკემბრის ბიუჯეტი 11 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა. და ბიუჯეტი შესრულდა ძირითადად საშუალო და მცირე ბიზნესის ადმინისტრირების ხარჯზე. და პირველად არ ყოფილა ბიუჯეტში გამოყენებული წინმსწრებად დარიცხვის მანკიერი პრაქტიკა, ის პრაქტიკა რაზეც დღეს ვანო მერაბიშვილი საუბრობდა, რომელიც ნამდვილად არსებობდა წინა წლებში და არა 2003 წლამდე. შესაბამისად მივმართავთ ვანო მერაბიშვილს მიიღოს ნებისმიერი სახით მონაწილეობა დებატებში და ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების პირისპირ გამოსვლა ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობის გამოცდილება მისცემს საშუალებას კვალიფიციური და არგუმენტირებული ოპონირება გაუწიოს ჩვენს წარმომადგენლებს და ისაუბროს იმ ფაქტებზე რომელზედაც დღეს ის საუბრობდა, თუმცა ციფრების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ განცხადებას მივიჩნევთ, როგორც დისკრედიტაციას ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის თითოეული თანამშრომლის წინააღმდეგ მიმართულად"- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
დღეს ვანო მერაბიშვილმა საქართველოში კრიზისის დაწყებაზე გააკეთა განცხადება.
,,სამწუხაროდ, საქართველოში დაიწყო საბიუჯეტო კრიზისი რაც გამოწვეულია საქართველოს ბიუჯეტში რეალური შემოსავლების კლებით. საქართველოში შემცირებულია ეკონომიკური აქტივობა, რაც გამოიხატება როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის შემცირებაში. საქართველოში შემცირდა წარმოება და ვაჭრობა. ამავე დროს საგანგაშოდ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკურ სუბიექტებს შორის ვალის ოდენობა. დღეს საქართველოს ეკონომიკურ სუბიექტებს ერთმანეთის მიმართ დიდი ვალი დაუგროვდათ. ამ კრიზისის შენიღბვის მიზნით მთავრობამ აღადგინა ძველი 2003-წლამდე შევარდნაძის ეპოქაში არსებული ძველი პრაქტიკა_ გადასახადების წინასწარ გადახდა ანუ კომპანიებს დეკემბერში გადაახდევინეს იანვარში გადასახდელი გადასახადი, რაც სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანს", -განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ საბიუჯეტო კრიზისი სამი ფაქტორითაა განპირობებული.
"პირველი ეს არის ბიზნესის შევიწროება. მიმდინარეობს ყოველდღიური მასობრივი შემოწმება ბიზნესების როგორც საგადასახადო ინსპექციის, ფინანსური პოლიციისა და პროკურატურისა და რაც ყველაზე საგანგაშოა შსს მიერ. მეორე_ შეჩერდა ინფრასტრუქტურული პროექტები, რამაც უმუშევრობის ზრდა უკვე გამოიწვია და მესამე- რაც ყველაზე მთავარია მთავრობას არ გაჩნია ერთიანი, მკაფიო ეკონომიკური მოქმედების გეგმა", -განაცხადა ჟურნალისტებთან მერაბიშვილმა.