"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის საპასუხოდ, დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განცხადება გააკეთა. როგორც ნარმანიამ განმარტა, 2013 წელს ჩვენი სამინისტროს მიერ, პროექტების გახორციელების კუთხით 180 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე 2012 წელს დაიხარჯა.
"გარდა ამისა, 2012 წელს დაწყებული ყველა გარდამავალი პროექტი აუცილებლად გაგრძელდება 2013 წელს. ასევე, საქართველოს 25-მდე მუნიციპალიტეტში ინიცირებულია წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტები. გახორციელდება დასავლეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალის დამატებითი მონაკვეთების მშენებლობა. პროექტების თვალსაზრისით 2013 წელი ძალიან დატვირთული იქნება და იმაზე მეტი ადამიანი დასაქმდება, ვიდრე 2012 წელს იყო დასაქმებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამინისტროს პროექტების შეფერხებების გამო უმუშევრობის ზრდასა და საბიუჯეტო კრიზისს ნამდვილად არ ველოდებით. აღნიშნული სამუშაოების მასშტაბებიდან და საზოგადოების ინფორმირებულობის გამჭვირვალეობიდან გამომდინარე, წინასწარ ვაქვეყნებთ ინფორმაციას 2013 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ. - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მინისტრი საზოგადოებას 2013 წელს გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ხვალისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე მიაწვდის, როემლიც რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა"- განმარტავს ნარმანია.
პრესკონფერენცია, რომელზეც 2013 წელს დაგეგმილი პროექტების დეტალური პრეზენტაცია იქნება წარმოდგენილი, ხვალ, 16 იანვარს, 11:00 საათზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართება. მინისტრი ისაუბრებს როგორც უკვე დაწყებულ, ისე მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე.