ამნისტიის ამოქმედებით ფსევდო-ჰუმანურ მოსაზრებებს ამოფარებული საქართველოს სახელმწიფო დგამს უპრეცედენტოდ სახიფათო ნაბიჯს, - ამის შესახებ გაბაშვილმა პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე ხელმოწერა შეაფასა.
მისი თქმით, ამნისტიის კანონპროექტზე ხელმოწერით, ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქების და საქარათველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ უპრეცედენტოდ სახიფათო ნაბიჯი გადადგა.
"დღეს პარალამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით, საქართველოს ახალი მთავრობის სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობით და ეს პასუხისმგებლობა მთლიანად მათზეა, მიღებულ იქნება უპრეცედენტო კანონი. ფსევდო-ჰუმანურ მოსაზრებებს ამოფარებული საქართველოს სახელმწიფო დღეს დგამს უპრეცედენტოდ სახიფათო ნაბიჯს საქართველოს მოქალაქების და საქარათველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ. ასეთ კანონებს, როგორც წესი, სახელმწიფოები იღებენ და ასეთ ნაბიჯს დგამენ მხოლოდ სრულმასშტაბიანი და უპირობო კაპიტულაციის შემდეგ. მოგახსენებთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, კანონის საფუძველზე, თავაწეულები, ამაყები გარეთ გამოვა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი, ბრალდებული და გასამართლებული აბსოლუტურად ყველა დამნაშავე. ყველა ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ახდენდა კოორდინაციას რუსეთის დავალებით საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო მოქმედებებისა, ყველა ჯაშუშური ქსელი, როგორც რუსეთის სადაზვერვო სამსახურის, ასევე რუსეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურისა, ყველა იქნება გამოშვებული. ადამიანები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადასცემდნენ ინფორმაციას საქართველოს შეაირაღებული ძალების ადგილმდებარეობის, რიცხოვნობის, გადაადგილების შესახებ, ადამიანები, რომლებიც, რუსეთის ფედერაციას გადასცემდნენ ინფორმაციას საქართველოს და სხვა ქვეყნების სამხედრო ურთიერთოების შესახებ, ადამიანები, რომლებიც შპიონაჟის დახმარებით, რუსეთს გადასცემდნენ ინფორმაციას საქართველოს სამხედრო შესყიდვების შესახებ, ამ ადამიანებს დღეს საქართველო უხდის ბოდიშს, დღეს საქართველო იხრის თავს მათ წინაშე და მათ, როგორც პოლიტდევნილებს და პოლიტპატიმრებს ათავისუფლებს. ეს ხდება ცინიკურად, ეს ხდება ჰუმანურ აქტზე ამოფარებით. მოგეხსნებათ, რომ ამნისტიის შესახებ ზოგად კანონს მიუერთეს ის კანონი, რომელზედაც ვსაუბრობთ და იმ ათას ხარვეზთან ერთად, რომელიც ამნისტიის კანონის თავისთავად ჰქონდა, ეს ნაწილი უკიდურესად ამძიმებს", - განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ ასეთი სახის პოლიტიკური ამნისტია საქართველოს არ განუხორციელებია",- განაცხადა გაბაშვილმა.