ზემო ალვანის შემდეგ სტალინის ბიუსტი თელავის რაიონის სოფელ აკურაშიც აღადგინეს. როგორც აკურის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ბიუსტის აღდგენის შესახებ ნებართვა ადგილობრივი ხელისუფლებიდან მიიღეს. მუნიციპალიტეტის გამგეობაში კომენტარს არ აკეთებენ.
სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი 2010 წელს აიღეს. „ხალხმა არ იცოდა, ჩუმად აიღეს. იმიტომ დავაბრუნეთ, რომ ისტორიას ვერ წაშლი, კარგი იყო თუ ცუდი, ისტორიაა და ქართველი კაცი იყო. დღეს ისეთი მთავრობა გვყვავს, რომ სტალინის ძეგლი უნდა იყოს. ადრე ხალხს გამოსვლის ეშინოდა, დღეს ცოტა თავისუფლებაა, გამოვალთ და ვიტყვით, რომ იყოს ეს ძეგლი," - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აკურაში მცხოვრებმა ელგუჯა ბლუიშვილმა.
„ცხვირი და ლოყა ჰქონდა დაზიანებული, შეკეთება სჭირდებოდა. მართალია, რაღაც თანხა წავიდა მის შეკეთებასა და შეღებვაში, მაგრამ მე მიყვარს სტალინი და სულ არ ვჩივი 15-20 ლარს. ჩვენ ჩაგვაგონეს, რომ სტალინია პირველი კაცი და იყო კიდეც. ახალგაზრდებს ტვინს უწამლავენ, რომ როგორმე შეაჯავრონ. არ შეიძლება, მსოფლიო მნიშვნელობის კაცია, ვინ დაგმობს, ეს არ მოხდება," - განუცხადა გიორგი ნებუნიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
სტალინის ბიუსტი 2 წლის განმავლობაში აკურელ ბადრი გოგიაშვილთან ინახებოდა. „წინა ხელსუფლებამ გადმოაგდო და მე შევინახე. ახლა ხელისუფლების აღარ გვეშინია, გამოვიტანეთ და დავდგით. ეს იყო ჩვენი წინაპარი და ბევრი კარგი გააკეთა საქართველოსთვის," - აღნიშნა ბადრი გოგიაშვილმა.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სხვადასხვა ადგილზე სტალინის ძეგლების აღდგენა დაიწყო. სტალინის ძეგლი პირველად ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში აღადგინეს. 2011 წლის ივნისში ფარულად აღებული ძეგლი თუშებმა 2012 წლის 25 ნოემბერს სოფლის ცენტრში დააბრუნეს. დაზიანებული ძეგლის აღსადგენად თანხა შეაგროვეს, ძეგლი შეაკეთეს და შეღებეს. სტალინის დაბადების დღეზე, 21 დეკემბერს კი განახლებული გახსნეს. ამ ფაქტის გადასაღებად ალვანში უცხოური მედიასაშულებების რეპორტიორებიც იმყოფებოდნენ.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სტალინის ძეგლი ახმეტის მაშინდელმა მაჟორიტარმა პეტრე ცისკარიშვილმა მისი დავალებით აიღო, რადგან ქვეყანამ, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირში შესვლა სურს, ალვანსა და გორში სტალინის ძეგლი არ უნდა აღადგინოს. გორში, სტალინის ძეგლის აღსადგენად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 000 ლარია გამოყოფილი.