უკრაინამ უარი განაცხადა საქართველოსათვის შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის გადმოცემაზე, რომელიც სამშობლოში თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაშია ბრალდებული.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის სასამართლომ, რომელიც საქართველოს პროკურატურიდან გაგზავნილ მასალებს იხილავდა ოლეგ მელნიკოვის საქმესთან დაკავშირებით, დაასკვნა, რომ მისი ექსტრადაციისათვის საკმარისი საფუძველი არ არსებობს.
ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სასამართლომ საქართველოს შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის პატიმრობაში ყოფნის ვადა გაახანგრძლივა.
ოლეგ მელნიკოვი საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მასზე, ისევე როგორც კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მელნიკოვს ბრალად ედება თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბება. მასზე გამოცხადებულია ძებნა. 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში მელნიკოვი კიევში დააკავეს.